ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ ისტერიკა აჩვენებს, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით ჩვენი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული
ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ ისტერიკა აჩვენებს, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით ჩვენი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული

„ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ისტერიკა და თავის მოჭრა საერთაშორისო ასპარეზზე აჩვენებს, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით ჩვენი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რომ დაინტერესებული იყოს უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, 2014 წელს მხარს დაუჭერდა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

„ირაკლი ღარიბაშვილს შევახსენებ, რომ 2014-2015 წლებში გამოთქვამდა ძალიან სერიოზულ შეშფოთებას, რომ დასავლეთს არ უნდა მიეწოდებინა სამხედრო შეიარაღებული დახმარება უკრაინისთვის და ამასთან დაკავშირებით მან საერთაშორისო პრესაში გააკეთა განცხადება. მე შევახსენებ ასევე მმართველ გუნდს, რომ მათი პარტიის მაღალჩინოსანი და თბილისის მერი კახა კალაძე ღირსების რევოლუციას უწოდებდა ერთი ქუჩის კრიზისს, რამაც ასევე წარმოუდგენელი რეზონანსი ჰპოვა უკრაინაში. ეს ყველაფერი მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, მის მსახურებს, გახარიას და კორუმპირებულ ღარიბაშვილს არ აქვთ სტრატეგიული ხედვა, ქვეყნის ინტერესებს არ მიიჩნევენ არაფრად. ნუ ესაუბრებიან საზოგადოებას ტყუილზე, ნუ შეყავთ ადამიანები იმ შეცდომაში, რომელიც თავად გაიმეორეს. უკრაინაში ამასთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად იციან და პასუხიც მიიღეს პრეზიდენტ ზელენსკისგან. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, უკრაინა თავისუფალი ქვეყანაა, საქართველოსგან განსხვავებით, თავისუფალ სიტყვას აქვს ძალიან სერიოზული ღირებულება და მნიშვნელობა, ვერავინ ვერავის დაუშლის, რომ გამოთქვას მოსაზრება საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტს და პარტიის ლიდერს. ჩვენ არაორდინალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, არ ვიმყოფებით ვითარებაში, როდესაც ერთი ხელისუფლება დემოკრატიულად მეორეს ცვლის, ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას მართავს პრორუსი ოლიგარქი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ურჩევნია მიხედოს იმას, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ხალხში შიმშილისგან უფრო არ გაუბედურდეს.

„ვურჩევდი გახარიას, გაიხსენოს, სუამ-ის სამიტზე როდესაც ჩავიდა, დასაცინი გახდა თავისი რუსულის გამო და მაღალი დონის შეხვედრები არ ჰქონია. შევახსენებ სალომე ზურაბიშვილს, რომ ის არ მიიღეს და გადაუდეს ვიზიტი რამდენჯერმე უკრაინაში, რადგან ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა. მიუხედავად ამისა, უკრაინა დარჩება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვერანაირი ხელისუფლება ვერ შეუშლის ხელს ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის მეგობრობას. რასაკვირველია, ძაფი არ გაწყდება არავითარ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ოქტომბერში ეს ხელისუფლება შეიცვლება და ყველაფერი დალაგდება, მათ შორის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დატოვე კომენტარი