ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტ ზელენსკის კარგად ესმის, რომ ქართველი ხალხისა და უკრაინელების განცალკევება წარმოუდგენელია
ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტ ზელენსკის კარგად ესმის, რომ ქართველი ხალხისა და უკრაინელების განცალკევება წარმოუდგენელია

უკრაინის ხელისუფლებას, განსაკუთრებით პრეზიდენტ ზელენსკის კარგად ესმის, რომ ქართველი ხალხისა და უკრაინელების განცალკევება წარმოუდგენელია, რაც არ უნდა მძიმე იყოს ანტიუკრაინული პროპაგანდა, არ არსებობს უკრაინელი, რომელიც იტყვის საქართველოს მოქალაქეებზე, რომ მათ მგრძნობიარე დამოკიდებულება არ აქვთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, უკრაინაში იციან, რომ საქართველოს მოქალაქეების 85 პროცენტს სურს ევროპა და ქართველი ხალხის სურვილია ევროინტეგრაცია უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

„რაც შეეხება ანტიუკრაინულ პროპაგანდას „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ მიმდინარეობს, ეს პირდაპირ მიუთითებს, სად დგას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი და როგორია მათი ცივილიზაციური არჩევანი. რაც შეეხება მათ ჩართულობას საქართველოს პოლიტიკაში, არავითარი ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს უკრაინის ხელისუფლების მიერ. უკრაინას აქვს ერთი ამოცანა, ომის მოგება, რომელიც ძალიან მალე უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. ისინი ყოველთვის მხარს დაუჭერენ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს. ქართულ პოლიტიკაში ჩართვა გამორიცხულია. დავით არახამია, რომელსაც მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, არის ფრაქციის ლიდერი პრეზიდენტის გუნდიდან და პრეზიდენტის ახლო მეგობარი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები და გამოწვევები აქვს ახლა უკრაინას. ამიტომ ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა“, – განაცხადა დეკანოიძემ.