ხატია დეკანოიძე - პოზიციები არ იცვლება, დღის ბოლომდე ველოდებით უმრავლესობის მხრიდან ივანიშვილის გზავნილს, წამოვა კონსტრუქციულ ნაბიჯზე საქართველოს მოქალაქეებთან თუ არა
ხატია დეკანოიძე - პოზიციები არ იცვლება, დღის ბოლომდე ველოდებით უმრავლესობის მხრიდან ივანიშვილის გზავნილს, წამოვა კონსტრუქციულ ნაბიჯზე საქართველოს მოქალაქეებთან თუ არა

ჩვენი მოლაპარაკებების პაკეტი არის ორი პარალელური ასპექტი: პირველი, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური პროპორციულობა და მეორე, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრები,  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ საარჩევნო მოდელზე მმართველ გუნდა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხზე განაცხადა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საკმაოდ შესუსტებულ რიტორიკას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ შესუსტებულია ბიძინა ივანიშვილის პოზიციები, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონდა და მის გარშემო მყოფ ადამიანებს ეტყობოდათ ეს გზავნილებზე, მაგრამ ჩვენი პოზიცია არ იცვლება. პრაქტიკულად ბოლო დღეებია, ეს პოზიცია არის, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე. ეს არის საარჩევნო სისტემის მაქსიმალური პროპორციულობა და მეტი თანაფარდობა პროპორციულ მხარეს, მეორე არის სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გამოშვება და ზოგადად ყველა იმ ადამიანის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების შეწყვეტა, რომელიც ხორციელდება და თქვენ ინფორმაცია გაქვთ. ჯერჯერობით არავითარი ზუსტი პასუხი „ქართული ოცნებისგან“ არ გვაქვს. ვერ დაგიდასტურებთ ვერც იმ ინფორმაციას, რომ რაღაც არაფორმალური შეხვედრა შედგება, მაგალითად, დღეს, რადგან არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია. პოზიციები არ იცვლება და დღის ბოლომდე ველოდებით უმრავლესობის მხრიდან ივანიშვილის გზავნილს, როგორი იქნება, წამოვა იგი კონსტრუქციულ ნაბიჯზე საქართველოს მოქალაქეებთან თუ არა. შესაძლებელია, ხვალაც განვიხილოთ ეს წინადადება და შემდეგ უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდა, გითხრათ, არის ოპოზიციის ერთიანობა და განხილვა, თუ რაიმე წინადადება იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ამ დრომდე სხვადასხვანაირი პროპორცია დაასახელა და დღის ბოლომდე დაელოდებიან მათ კონკრეტულ წინადადებას.

„ჩვენი მოლაპარაკებების პაკეტი არის ორი პარალელური ასპექტი: პირველი, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური პროპორციულობა და მეორე, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრები. ახლა რას ამბობს „ოცნება“, ეს ერთია და ზოგადად რა მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში, ეს მეორე. ამიტომ ჩვენს პოზიციაში არაფერი იცვლება და დავაკვირდეთ, რიტორიკა სუსტია მათი, ივანიშვილის პოზიცია სუსტია. საერთაშორისო თანამეგობრობამ ამაზე გავლენა იქონია, ამიტომ ჩვენ დღის ბოლომდე დავაკვირდებით მათ წინადადებებს. მათი მხრიდან თანაფარდობა დასახელდა მრავალნაირად. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი წინადადებები „ქართული ოცნების“ მხრიდან. შეთანხმების პაკეტი ითვალისწინებს იმას, რაც უკვე გითხარით.
ჩვენი პროპორცია მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებული. ეს იქნებოდა 130/20-ზე და პოლიტპატიმრებისა და მართლმსაჯულების საკითხის მოხსნა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.