ხატია დეკანოიძე - პირველ რიგში, აუცილებელია ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში და იუსტიციის საბჭოს რეფორმირება
ხატია დეკანოიძე - პირველ რიგში, აუცილებელია ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში და იუსტიციის საბჭოს რეფორმირება

პირველ რიგში, აუცილებელია ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში და ასევე აუცილებელია იუსტიციის საბჭოს რეფორმირება, რათა მის შემადგენლობაში შედიოდნენ ადამიანები, რომლებიც თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის სამსახურში იქნებიან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.

„ასევე აუცილებელია, მივმართოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩამოვიყვანოთ და შევქმნათ უცხოელ მოსამართლეთა, ე.წ ექსპერტ-მოსამართლეთა სპეციალური საბჭო, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებაზე რეალური გავლენის მოხდენის, ანუ ვეტოს დადების უფლება ექნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, მოსამართლეთა ცალკე აღებულ გვარებზე არ მსჯელობს, რადგან პარლამენტში წარდგენილ სიაში ვინც არ უნდა იყოს, ამ სისტემის პირობებში თავისუფალ სასამართლოსა და მართლმსაჯულებაზე საუბარი საერთოდ არ არის. 

„რატომ არის ეს სია წარდგენილი და რატომ სურს „ქართულ ოცნებას“, მათ შორის, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომ ეს ადამიანები უვადო მოსამართლეებად განწესდნენ?! სურთ იმიტომ, რომ რეალურად, ამ მოსამართლეთა კლანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გარიგებაა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკური გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე დღესაც, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ რასაკვირველია, ეს ასეა.

ამასთან, როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ხელისუფლებამ უაღრესად კორუმპირებული სასამართლო სისტემა ჩაიბარეს და მოხდა რეფორმა, მაგრამ არასაკმარისი და სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან ვერ გათავისუფლდა.

„განსაკუთრებით ვგულისხმობ სისხლის სამართლის პალატას და რასაკვირველია, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. რეალურად, ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ასევე, ვთქვათ, კრიმინალური ავტორიტეტების თარეშის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა, რომ აღნიშნული გვარები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროსაც კლანს წარმოადგენდნენ და რეალურად, მაშინდელი ხელისუფლების მიერ იყვნენ მართული, დეკანოიძემ განაცხადა, რომ თუ წარსულში ყურება გვინდა, შეუძლია, წარსულზე იმსჯელოს, მაგრამ მათ იმაზე ფიქრი და საუბარი სურთ, სასამართლო ხელისუფლებას როგორ უშველონ.