ხატია დეკანოიძე - პიკეტირება დღის წესრიგშია, არაფერი შეცვლილა
ხატია დეკანოიძე - პიკეტირება დღის წესრიგშია, არაფერი შეცვლილა

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის პრაქტიკულად ყველა შინაარსობრივ მუხლს, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ჩვენ დღეს არ გვქონია ბლოკირება, მაგრამ პროტესტი არის ფორმა, რომლის უფლებაც თითოეულ მოქალაქეს აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით დეკანოიძე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას.

მისივე თქმით, პიკეტირება დღის წესრიგშია და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.

„შევახსენებ საქართველოს ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის პრაქტიკულად ყველა შინაარსობრივ მუხლს, რომელიც პროტესტს და გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ჩვენ დღეს არ გვქონია ბლოკირება, მაგრამ პროტესტი არის ფორმა, რომლის უფლებაც აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა უნდა გაიგონ, მათ შორის ერთპარტიული პარლამენტის წევრებმა, ეს ჩვეულებრივად  გამოხატვის თავისუფლებაა. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ ჩაინაცვლებს. მე ჯერჯერობით არ მსმენია გადაკეტვაზე (კარვებით რუსთაველის). ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში სამოქალაქო აქტივისტებთან, რომლებიც დიდი ხანია, არიან ჩართული ძალიან აქტიურ ბრძოლაში. მე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. დღის წესრიგშია პიკეტირება, არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „პიკეტირების მცდელობით, არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელა ოპოზიციამ“.

„ეს არის სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციის ქმედებები ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა, თუ სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება.