ხატია დეკანოიძე - პარლამენტის თავმჯდომარემ პოლარიზაციისკენ მიდრეკილი ანგარიში წარმოადგინა, მხოლოდ ე.წ. რადიკალურ ოპოზიციაზე იყო საუბარი, გამოჩნდა, რომ თანამშრომლობისკენ მოწოდება ყალბია
ხატია დეკანოიძე - პარლამენტის თავმჯდომარემ პოლარიზაციისკენ მიდრეკილი ანგარიში წარმოადგინა, მხოლოდ ე.წ. რადიკალურ ოპოზიციაზე იყო საუბარი, გამოჩნდა, რომ თანამშრომლობისკენ მოწოდება ყალბია

სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარემ პოლარიზაციისკენ მიდრეკილი, აგრესიის შემცველი ანგარიში წარმოადგინა, საუბარი იყო მხოლოდ ე.წ. რადიკალურ ოპოზიციაზე და არაფერი გეგმებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარის წლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ანგარიშიდან გამოჩნდა, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ ნებისმიერი მოწოდება მხოლოდ ყალბია.

„ევროკავშირის მიერ ცხრა დათქმიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დათქმის შესრულების მაგალითი უნდა იყოს პარლამენტი – ვსაუბრობ დეპოლარიზაციაზე. სამწუხაროდ, დღეს გამოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაზე უფრო პოლარიზაციისკენ მიდრეკილი, ზიზღისა და აგრესიის შემცველი ანგარიში წარმოადგინა. საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციაზე, ე.წ. რადიკალურ ოპოზიციაზე და არაფერი იმ გეგმებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს. სამწუხაროა, რომ ქვეყნის მტრების ნუსხაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა ოპოზიცია. არ მახსენდება არცერთი სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი მძიმე განცხადებები, შეფასებები არის ხოლმე, თუ არ ჩავთვლით დიქტატორულ ქვეყნებს. ანგარიშის მთავარი ფუნდამენტი, საყრდენი იყო ოპოზიციის მიმართ აგრესია, ზიზღი. მაშინ, როცა გვქონდა და გვაქვს შანსი, დეპოლარიზაციის მცირე მაგალითი მაინც გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშში გამოჩნდა, რომ თანამშრომლობისკენ ნებისმიერი მოწოდება მხოლოდ ყალბია, რადგან მთელი აგრესია, ზიზღი სწორედ ოპოზიციის მიმართ მომდინარეობდა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.