ხატია დეკანოიძე - ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ აფიქსირებს ჩვენს პოზიციას, როგორი იყო და როგორი უნდა იყოს მოლაპარაკებების დინამიკა
ხატია დეკანოიძე - ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ აფიქსირებს ჩვენს პოზიციას, როგორი იყო და როგორი უნდა იყოს მოლაპარაკებების დინამიკა

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ აფიქსირებს ჩვენს პოზიციას, როგორი იყო და როგორი უნდა იყოს მოლაპარაკებების დინამიკა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, განცხადებაში აღნიშნულია ის სასიცოცხლო საკითხები, რომელიც უკავშირდება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ასევე ვადამდელ არჩევნებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიების ერთობლივი განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ აფიქსირებს ჩვენს პოზიციას, როგორი უნდა იყოს მოლაპარაკებების დინამიკა და როგორი იყო მანამდე მოლაპარაკებების დინამიკა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც დაფიქსირებულია განცხადებაში. პირველ ყოვლისა, ეს არის სასიცოცხლო საკითხები, რაც უკავშირდება პატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას, რაც უკავშირდება ვადამდელ არჩევნებს. მათ შორის ძალიან სერიოზული ზღვარის გავლებას ვადამდელსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შორის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო კომისიის რეფორმა, ანუ ყველა ის სასიცოცხლო საკითხები, განსაკუთრებით ორი საკითხი გამოვყავი, რომელიც ადასტურებს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის განვითარება. ქვეყანა ვერ განვითარდება, პოლიტიკური კრიზისი ვერ იქნება დასრულებული. შესაბამისად, ეკონომიკა და პანდემიის საკითხები ვერ იქნება მოგვარებული, თუ ქვეყანა არ დაადგა ისეთ გზას, რასაც ჰქვია დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და კანონის უზენაესობის საკითხები, რომ პოლიტიკური დევნა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ჩვენმა მედიატორებმა, ძალიან კარგმა პარტნიორებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ვინც ყველაფერს აკეთებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, იცოდნენ, ხმამაღლა, საჯაროდ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, როგორი უნდა იყოს საქართველოში ეს პროცესი ახლა, რა არის ძირითადად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა. ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ ხერხდება, როგორ კეთდება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ფორმულა და შინაარსი ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მზად არიან, შევიდნენ დღევანდელ პარლამენტში.