ხატია დეკანოიძე - ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტით გაიხსნა
ხატია დეკანოიძე - ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტით გაიხსნა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტით გაიხსნა, რასაც მან სამწუხარო ფაქტი უწოდა.

ევროკომისართან შეხვედრა ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტით გაიხსნა, რასაც მან ძალიან სამწუხარო უწოდა. საკითხები, რაც მე წამოვწიე, იყო 5 ივლისის ძალადობა, როდესაც 55 ადამიანი დაშავდა, აქედან 53 მედიის წარმომადგენელია. მხოლოდ შვიდი ადამიანია დაკავებული. აქედან ძალიან ბევრს შეფარდებული აქვს მხოლოდ ადმინისტრაციული წესით. სისხლის სამართლის იმ მუხლით, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლაში მძიმე სამართლებრივ პასუხისმგებლობას, პრაქტიკულად არც ერთ მათგანს არ აქვს შეფარდებული. ეს იყო ორგანიზებული ძალადობა. ამისკენ მოწოდება მოვისმინეთ, მათ შორის სასულიერო პირებისგან. გვახსოვს, როდესაც ხელისუფლებამ 20 ივნისს საქმე აღძრა ოპოზიციის წინააღმდეგ და არანაირი რეაგირება არ მისცა ამ ორგანიზებული ჯგუფების ძალადობის ფაქტს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი განცხადებით, ხელისუფლება დაპირისპირებას ხელს უწყობს და ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებს.

„ყველაზე სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ღირსეული ადგილია ევროპაში, მათ შორის ხელისუფლება ხელს უწყობს დაპირისპირებას და სამწუხაროა, რომ ეს ხდება სასულიერო პირების ორგანიზებით. ამაში ჩართულია საპატრიარქო. ესაა ის სცენარი, რომელიც მოსწონს პუტინს და არის ჰიბრიდული ომის ნაწილი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და პოლიციის ინფანტილური დამოკიდებულება ნამდვილად არის ხელისუფლების მხრიდან წახალისება. ხელისუფლების მთავარი დანიშნულებაა, დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და აღასრულოს კანონი, თუმცა ჩვენ ეს არ გვიხილავს. ამიტომ, მოთარეშე, ძალადობრივი, ფაშისტური ჯგუფები წახალისებული იყვნენ ხელისუფლების მხრიდან. საპატრიარქოს პასუხისმგებლობაცაა, რადგან სასულიერო პირების მხრიდან, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანების მხრიდან, ძალადობა არის დაუშვებელი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე მეორე საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებასა და მოსამართლეების შერჩევის პროცესს შეეხებოდა.