ხატია დეკანოიძე - „ოცნებამ“ რუსული კანონპროექტი შემოიტანა, რაც შეეხება შედარებებს, ევროპარლამენტში არავითარი კანონპროექტი არ განიხილება, ევროკომისიას შეიძლება, მხოლოდ ინიციატივის მცდელობა ჰქონდეს
ხატია დეკანოიძე - „ოცნებამ“ რუსული კანონპროექტი შემოიტანა, რაც შეეხება შედარებებს, ევროპარლამენტში არავითარი კანონპროექტი არ განიხილება, ევროკომისიას შეიძლება, მხოლოდ ინიციატივის მცდელობა ჰქონდეს

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში რუსული კანონპროექტი შემოიტანა და კენჭი უყარა, რაზეც მათ ქართველმა ხალხმა პასუხი გასცა. ამიტომ მოუწიათ პროექტის უკან წაღება. რაც შეეხება შედარებებს, ევროპარლამენტში არავითარი კანონპროექტი არ განიხილება და არც EPP-ს (ევროპის სახალხო პარტია) შეაქვს. ევროკომისიას შეიძლება, მხოლოდ ინიციატივის მცდელობა ჰქონდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირში მხოლოდ რუსული დაფინანსების წინააღმდეგ არსებობს შფოთი.

„არაფერი გადაფარავს იმას, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გააკეთა, მათ ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა. ირაკლი კობახიძის აგრესიული განცხადებები საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ვიხილეთ შურისძიების ელემენტები, რომ გახლიჩონ საზოგადოება, ახალგაზრდები. მათი მარგინალიზაცია ვერ მოხერხდება, ახალგაზრდების სტიგმატიზებას არავინ დაუშვებს საქართველოში“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას.