ხატია დეკანოიძე - ნამდვილად უჩვეულო დღეა საქართველოში, ყველამ ძალიან კარგად ვიგრძენით რეჟიმის მორღვევის შეუქცევადობა
ხატია დეკანოიძე - ნამდვილად უჩვეულო დღეა საქართველოში, ყველამ ძალიან კარგად ვიგრძენით რეჟიმის მორღვევის შეუქცევადობა

ნამდვილად უჩვეულო დღეა საქართველოში და ყველამ ძალიან კარგად ვიგრძენით რეჟიმის მორღვევის შეუქცევადობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ხატია დეკანოიძემ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა გამოიჩინეს სამოქალაქო ღირსება.

„ნამდვილად უჩვეულო დღეა საქართველოში და ყველამ ძალიან კარგად ვიგრძენით რეჟიმის მორღვევის შეუქცევადობა. პირველ რიგში, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ჩვენს ამომრჩეველს, ოპოზიციურ ამომრჩეველს, ვინც გუშინ მოვიდა და დააფიქსირა თავისი ხმა. უდიდესი ზეწოლის, მოსყიდვის, სუს-ის, სისტემის წინააღმდეგ, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკეთებდა ყველაფერს, იკადრა ყველაფერი, დაარიგა მილიონობით ლარი, დააშინა ისეთი ადამიანები, ვისაც სოციალური დახმარება ჰქონდა. პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ მოგიხსნით სოციალურ დახმარებას, ადამიანებზე იძალადა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს მართლაც სამოქალაქო ღირსება, მოვიდნენ, მოგვცეს ხმა და ყველაზე მნიშვნელოვანი აჩვენეს რეჟიმს, რომ დიახ რეჟიმის დამარცხება არის შესაძლებელი. ამაყი ვარ, რომ მეგობრებთან ერთად მივიღე ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.

გუშინ „ქართულ ოცნებას“ ჩაეშალა დაწყებული ზეიმი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, როდესაც ამბობდნენ, რომ ჩვენ მეორე ტურები არ გვექნება, პირდაპირ პირველ ტურში მოვიგებთ ყველა თვითმმართველ ქალაქში და განსაკუთრებით თბილისში. გაღიმებული კალაძე კი, სცენაზე დატოვეს. საქართველოს დიდმა ქალაქებმა რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადეს. დიდი მადლობა ქუთაისს ნდობისთვის, იმისთვის, რომ წარმოუდგენელი ზეწოლის ფონზე, თქვენ მოხვედით, მოგვეცით ხმა და მინდა, გითხრათ, ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 59 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს ხმების 43,88% აქვს, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმების 41,42% აქვს.