ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპის მიმართ გარკვეულ ადამიანებს კრიტიკის მორალური და ზნეობრივი უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მათ შორის არც სოსო თოფურიძეს
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპის მიმართ გარკვეულ ადამიანებს კრიტიკის მორალური და ზნეობრივი უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მათ შორის არც სოსო თოფურიძეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპის მიმართ გარკვეულ ადამიანებს კრიტიკის მორალური და ზნეობრივი უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მათ შორის არც სოსო თოფურიძეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ სოსო თოფურიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, პარტიის შიდა საქმეებში ჩარევა ბიძინა ივანიშვილის ინტერესია.

ამასთან, დეკანოიძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება არა, თუმცა გამოწვევებია.

„პარტიაში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, არის სერიოზულ გამოწვევებთან ბრძოლა. ახალი არ არის, რომ გამოწვევები გვაქვს ფინანსური თვალსაზრისით, რადგან იცით, რომ ათი წლის განმავლობაში, ბიზნესშემოწირულობა იყო დიდი პრესისა და ზეწოლის ქვეშ, თუ ეს იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ განხორციელებული. ზეწოლა არის იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და ნამდვილად ეგზისტენციალური საკითხია, მაგრამ ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ გვაქვს. სოციალურ ქსელში ახლად წამოტივტივებულებს ნუ დაავიწყდებათ, რომ ყველა ადამიანს, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა, რომ 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში, თითქოს პასუხისმგებლობა არ აქვთ სახელმწიფოს წინაშე. ახლა, ვისაც რაიმე სახის პოლიტიკური ანალიზის უნარი აქვს ან ექსპერტობაზე აქვს რაიმე სახის პრეტენზია, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდა. მინდა, ყველას ვთხოვო – ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიდი ინტერესი ათი წლის განმავლობაში და ახლა კედელს არასწორ ადგილას აწყდებიან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავითარი დაპირისპირება არ არის. კრიტიკის არც პასუხისმგებლობა, არც მორალური, არც ზნეობრივი უფლება გარკვეულ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპის მიმართ, მათ შორის სოსო თოფურიძეს. არ ვიცი, შეიძლება, „ფეიკი“ გვერდია, მაგრამ ამ ადამიანებს საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ესმოდეთ, რაში აღმოჩნდა ქვეყანა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა სოსო თოფურიძე ვანო მერაბიშვილის კადრი, დეკანოიძე აცხადებს, რომ არ იცის, მათ შორის კავშირი არსებობს თუ არა.

„როგორც მახსოვს, სოსო თოფურიძე იყო დათა ახალაიასთან კონსტიტუციური დეპარტამენტში. რაღაც კავშირი, არ ვიცი, არსებობს თუ არა. ყველას მოვუწოდებ, პარტიის შიდა საქმეებში ჩარევას თავი დაანებონ. მოწოდება და კრიტიკა, კი ბატონო, არ ვთვლი, რომ პარტია ან რომელიმე ლიდერი იდეალური ვართ, მაგრამ პარტიის შიდა საქმე პარტიის შიდა საქმეა“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებას, დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ფიქრობდეს, მელია არ იმსახურებს ამ პოსტს, პარტიაში არ იქნებოდა.

„ეს არის პარტიის შიდა საქმე, პარტიის გადასაწყვეტი. “ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეს გადაწყვეტს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პარტიაში არ ვიქნებოდი, რომ მეფიქრა, რომ ნიკა არ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, გუნდურად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, პარტიის წინააღმდეგ ტალახის სროლა არის ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი. პარტიის შიდა საქმე პარტიის საქმეა. ჩვენი პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე უზენაესი, ამიტომ, პროპაგანდისტურად, პოლიტიკურ ჭრილში რაიმე ქულების დასაწერად ნამდვილად ვერ გაგცემთ იმ პასუხს, რაც აჟიტირების საფუძველი გახდეს იმ ადამიანების, ვისზეც არ ვთვლი, რომ მიშას გულშემატკივარია. ბევრისთვის მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი არ არის, ვისაც მხოლოდ პარტიიდან ვიცნობთ. ეს არის ადამიანი, ვინც ჩემთვის გაცილებით სხვა სიმბოლო და ადამიანია, ჩემი მეგობარია. ამ სიტუაციაში “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ტალახის სროლაში “ქართულ ოცნებას” ვერავინ შეეჯიბრება და თუ ვიღაც-ვიღაცებს ამ შეჯიბრეთობის არჩევა უნდათ, ამით ასრულებენ იმ ფუნქციას, რაც ივანიშვილს სურს“, – აღნიშნა დეკანოძემ.