ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში არ დააყენებს თავის კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს
„ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში არ დააყენებს თავის კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს სრულიად უსამართლოდ ჩამოართვეს დეპუტატის მანდატი.
„ეს იყო მანდატის პოლიტიკური ქურდობა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იყოს ძლიერად წარმოდგენილი, არ გვქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიები შევქმნათ. ამიტომ ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნების ხასიათიდან გამომდინარე, არის ძალიან პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბატონი ბადრის მხრიდან.
რაც შეეხება მის მხარდაჭერას რუსთავში, მოგახსენებთ, რომ ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს თავის კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბატონ ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში. ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა; ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა და ვიზიარებთ, ვიაზრებთ იმას, რომ იქნება რთული ბრძოლა, ვინაიდან ნამდვილად, ხელისუფლება მთელი რესურსის მობილიზებას შეეცდება; მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება, ამიტომ ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ლელოში“ აცხადებენ, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ და ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ექნებათ შეხვერდები.