ხატია დეკანოიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან მძიმე პრობლემებია, ეს არის მოცემულობა, რაც პარტიაში გადატრიალების შემდეგ დადგა
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან მძიმე პრობლემებია, ეს არის მოცემულობა, რაც პარტიაში გადატრიალების შემდეგ დადგა

ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ამხელა პარტია იხლიჩება, შეცდომაა, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ტარდება არჩევნები, რომელსაც არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას გადასაწყვეტია, როდის დატოვებს ის პარტიას.

„არ ვფიქრობ, რომ ეს არის დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს არის ზუსტად ის მოცემულობა, რაც პარტიაში გადატრიალების შემდეგ დადგა. არასდროს ჩამითვლია, რომ სამართლიანი არჩევნები იყო. პოლიტსაბჭოდან როცა რიცხავ ადამიანებს, რომლებიც, პრაქტიკულად, დაარსებიდან პარტიის წევრები არიან, ეს ნიშნავს, რომ პარტიაში მოხდა გადატრიალება. ჩნდება კითხვა, როდესაც ასეთი მძიმე მოცემულობაა, აქვს თუ არა პარტიას მორალური უფლება, ისაუბროს გაყალბებულ ან მოახლოებულ არჩევნებზე? ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ამ პარტიაში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები, განსაკუთრებით, პარტიის მაღალ ეშელონებში, ალბათ დაკავებული არიან კონკრეტული, კერძო პარტიკულარიზმით. სხვანაირად არ შემიძლია ვუწოდო იმ მოცემულობას, რაც ახლა ხდება. ძალიან უცნაურია, როდესაც პარტიას ჰყავს კონკრეტული თავმჯდომარე, რომელიც ახლა აღარ მოსწონთ და აღმოჩნდა, რომ სხვა პარტიის თავმჯდომარე უნდა მიიყვანონ. პარტია თუ ვინმეს წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩეველია, რომელსაც ეუბნებიან, რომ ეს არის თავმჯდომარე და თურმე სხვა თავმჯდომარე აურჩევიათ. დიდი პრობლემებია ამ პარტიაში და არ მგონია, ასეთი პოლიტიკური სვლით ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლება შეძლოს.

ბორდზე საუბარი იყო ჩემთანაც, როდესაც კონკრეტულად მე მქონდა შემოთავაზება. ალბათ ნიკასაც იგივე შემოთავაზება ჰქონდა. რაღაც ბორდი უნდა შექმნილიყო, თავმჯდომარის ფუნქციები გადაენაწილებინა. ჩემთვის გაუგებარია, რა საჭიროა თავმჯდომარე, თუ არის ბორდი? ამ შემოთავაზებაზე პირადადაც უარი ვთქვი. კონკრეტული პირების მიერ წინასაარჩევნო გზავნილები და კამპანია იყო სააკაშვილის გათავისუფლება. ვხედავთ, რომ სააკაშვილი თავისუფალია? ვერ ვხედავთ. ნებისმიერი საქმიანობა და კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლბიც მიღებულია სააკაშვილის სახელით ან მის გარშემო, არის მხოლოდ და მხოლოდ სიყალბე, რასაც ამჩნევს ასევე მათი ამომრჩეველი. თუ ამ კონფიგურაციაში იქნებოდა ბორდი, ამ ბორდში არც დაბრუნებას და არც მისვლას არ ვაპირებდი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით არ იყო. ამ ყველაფრის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა იცოდა. ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ამხელა პარტია იხლიჩება. ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ტარდება არჩევნები, რომელსაც საერთო არაფერი არ აქვს არჩევნებთან. თუ ვინმე დაზიანდა, ეს იყო პროდასავლური ფლანგი და მიხელ სააკაშვილი. ნიკა მელია პარტიას როდის დატოვებს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ძალიან მძიმე პრობლემებია პარტიაში, რაზეც საუბრობს ნიკა და მეც ვსაუბრობდი. როგორც ჩანს, გიორგი ვაშაძემ ჩაანაცვლა ხაბეიშვილი, მაგრამ გვარამიასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. ეს შეკითხვა ნიკას უნდა დაუსვათ“, – განუცხადა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს.