ხატია დეკანოიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ რეგლამენტში ცვლილებებით უფრო დაიშლება მათი ფრაქცია, რადგან პარტიაში რთული მდგომარებაა და ეშინიათ, ეს ფრაქციაშიც არ აისახოს
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ რეგლამენტში ცვლილებებით უფრო დაიშლება მათი ფრაქცია, რადგან პარტიაში რთული მდგომარებაა და ეშინიათ, ეს ფრაქციაშიც არ აისახოს

გაუგებარია, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რატომ გახდა საჭირო ამხელა ფოკუსი ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფზე, როდესაც უდიდესი პრობლემები აქვთ პარტიაში, ასევე პარტიის გარეთ, – ამის შესახებ „ნაიონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელიც გოცირიძე-დეკანოიძის ინიციატივასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

კერძოდ, საუბარია რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

ხატია დეკანოიძის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ ამ ცვლილებებით კიდევ უფრო დაიშლება მათი ფრაქცია.

„ძალიან მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მხრიდან ამხელა დაინტერესებაა ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. არ ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ყველაზე დიდი ფრაქციის, ერთადერთი პრობლემა იყოს, შეიქმნება თუ არა პოლიტიკური ჯგუფი ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ. მგონი, სხვა ბევრი გამოწვევა არსებობს მათთვის, როგორც პარტიული, ასევე ფრაქციის მიმართულებით, ამიტომ ეს ცოტა გაუგებარია.

პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლო მომენტებია საპარლამენტო დრო, კონკრეტულად აპარატზე გამოყოფილი თანხა. ჩვენ რამე სარგებელი არ გვექნება. მართლა გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამხელა ფოკუსი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ ჯგუფზე, როდესაც უდიდესი პრობლემები აქვთ პარტიაში, ასევე პარტიის გარეთაც. არავის შევყვები და ნამდვილად არ მაინტერესებს ტალახის უკან სროლა. გაუგებარია, ტალახის სროლა რას ემსახურება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ ამ ცვლილებებით კიდევ უფრო დაიშლება მათი ფრაქცია, რადგან პარტიაში რთული მდგომარებაა და ეს ფრაქციაში არ აისახოს. როგორც მივხვდი, ფრაქციის დაშლას ისედაც აპირებენ, ისეთი განცხადება მოვისმინე, რომ პატარა ჯგუფები უნდა გავაკეთოთ ამ ცვლილებების შემდეგო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვაზე, – თუ გეგმავთ იმ ხუთ დეპუტატთან თანამშრომლობას, რომლებმაც კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს? – ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ „ნაციონლურმა მოძრაობამ“ საკუთარ ფრაქციაში უნდა გაარკვიოს, აღნიშნულ ხუთ დეპუტატს რა გარიგება ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“. დეკანოიძის განმარტებით, მათ ძალიან მძიმე პროცესში მიიღეს მონაწილეობა და აღნიშნულ დეპუტატებთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

„ჩვენ არავითარი კავშირი არ გვაქვს ამ ადამიანებთან. რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მანამდე დარეგისტრირდა. უკანონო იყო, როდესაც ჩვენ არ მოგვცეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება. აღარ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ პოზიციაზე რაიმე სახის პოზიციის დაფიქსირებას. არ მაინტერესებს მათი ფრაქციის და პარტიის პოზიცია. იქნება რელგლამენტში ცვლილებები? ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ ჯგუფს. ამ ადამიანებთან ჩვენი თანამშრომლობა არც ყოფილა და არც იქნება. მათ ძალიან მძიმე პროცესში მიიღეს მონაწილეობა, როდესაც ხმა მისცეს. მოხდა ის, რაც მოხდა. თვითონ უნდა გამოიძიონ. აქვთ მთელი რიგი ანტიკორუფციული ორგანიზაციები შიგნით და შეუძლიათ, კარგად გამოიძიონ, რა გახდა მათი გადაწყვეტილების მიზანი. ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონი რომანიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან ჩემზე თავდასხმა დიდი ხანია, დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მათ შორის თამარ ჩარკვიანის განცხადებებით და ახლა კუთხე შეიცვალა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ჯგუფი გახდა ყველა მხრიდან ფართოდ ცნობილი. მართლა სამწუხაროა, როდესაც ამხელა გამოწვევების ფონზე, მით უმეტეს, პარტიისთვის და მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმედ არის, ფრაქციას და პარტიას ახლა სცალია, ჩემი და ბატონი რომანის პოლიტიკურ ჯგუფზე ისაუბროს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ დეკანოიძე-გოცირიძის მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არავის არაფერს აბრალებს, თუმცა ეს ფაქტი თუ შედგა, პოლიტიკური კორუფცია იქნება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს. ანა წითლიძემ განმარტა, რომ, კანონმდებლობით, საარჩევნო ბლოკით გასულ წევრებს, თუ ისინი დატოვებდნენ ფრაქციას, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, პოლიტიკური ჯგუფი შეექმნათ იმავე დაფინანსებით, რაც აქვს ფრაქციას. „ეს ახალისებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამბობს ანა წითლიძე.