ხატია დეკანოიძე - მთავრობას არ ჰქონდეს ილუზია, რომ ახალი წელი მოვა, პროტესტი შეწყდება, არავინ აპირებს სახლში თბილად ყოფნას
ხატია დეკანოიძე - მთავრობას არ ჰქონდეს ილუზია, რომ ახალი წელი მოვა, პროტესტი შეწყდება, არავინ აპირებს სახლში თბილად ყოფნას

არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდეს მთავრობას ილუზია, რომ ახალი წელი მოვა, პროტესტი შეწყდება, არავინ აპირებს სახლში თბილად ყოფნას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტთან, სადაც ოპოზიციამ კარვები გაშალა, ყველას აქვს შესაძლებლობა, კარვებში დარჩეს.

„ძალიან ბევრი ადამიანია მსურველი, კარვებში დარჩეს, რომ გააპროტესტოს ის ძალადობა, რომელიც მოხდა, დაირღვა ყველანაირი სამოქალაქო, ადამიანისა  და ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მშვიდობიანად შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამიტომ, ვისაც სურს, შეუძლია შეუერთდეს, მათ შორის ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, რადგან ძალიან დიდი ხანია ისინი აპროტესტებენ ამ უსამართლობას. როდესაც საბანიძე იქ დგას და ხალხს გზას უკეტავს, კითხვას როცა ვუსვამ, რატომ არ იძიებენ ამ საქმეს, ჩვენს კითხვაზე პასუხი არ აქვს. პროტესტი რასაკვირველია გაგრძელდება და იქნება მუდმივი. არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდეს მთავრობას ილუზია, რომ პროტესტი შეწყდება და რაღაცნაირად, ვითომ მერე ახალი წელი მოვა და ასე შემდეგ. არა, არავინ აპირებს სახლში თბილად ყოფნას და რაღაც სისულელე, ილუზიური კარგად ყოფნის გამოხატვას. ვისაც სურს და ძალიან ბევრ ადამიანს სურს დღეს დარჩენა, დარჩება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თელავში გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა. ინაუგურაციის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა თბილისში პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გაშალეს.