ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, პირველ რიგში, აქვს ჰუმანიტარული დატვირთვა და შემდეგ პოლიტიკური
ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, პირველ რიგში, აქვს ჰუმანიტარული დატვირთვა და შემდეგ პოლიტიკური

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, პირველ რიგში, აქვს ჰუმანიტარული დატვირთვა და შემდეგ აქვს პოლიტიკური დატვირთვა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„როდესაც ადამიანს არ აქვს შესაბამისი მკურნალობის საშუალება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და, როდესაც ადამიანი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამას აქვს ჰუმანიტარული დატვირთვა და შემდეგ აქვს პოლიტიკური დატვირთვა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მისთვის, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის ადამიანური, ჰუმანიტარული ძალიან სერიოზული კრიზისი.

„აქ ადამიანის სიცოცხლეა გადასარჩენი. შესაბამისად, როგორც ოჯახი, ასევე პარტია ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ ყველაფერში“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამ განცხადებით ხატია დეკანოიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ უწევს გამოსვლებს ორგანიზებას „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან აქციები მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა დაიწყო.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად საკმარისი საფუძველია ექიმების დასკვნა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა იქნას მოთხოვნილი, რადგან ექიმები ამბობენ, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა-ადაპტაციური აშლილობა, ანუ, გარემოს ვერ ეგუება და საკვების მიუღებლობასაც ეს იწვევს, რაც შესაძლოა, არა ერთ პატიმარს ჰქონდეს, რომელიც ციხეს ვერ ეგუება, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ დასკვნაში, რომელიც სახალხო დამცველმა დადო, კონკრეტულად არის აღწერილი ის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ გარემოში, რომელიც მას ღირსება შემლახავად და არაადამიანურად მოეპყრო, რა თქმა უნდა, ანორექსიის განკურნება ვერ მოხდება.

„ხელისუფლებისგან ჩვენ გვესმის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, როდესაც არსებობს სახალხო დამცველის დასკვნა. მათი პოლიტიკური განცხადებები არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ რაღაც მიიღოს და თურმე, ეს მის სურვილზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით, რას ნიშნავს ანორექსია, ის დიაგნოზი, რომელიც წერია. დიახ, გარემო, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობს და, რომელიც ასე მოეპყრო მიხეილ სააკაშვილს, ღირსება შემლახავად და არაადამიანურად, რა თქმა უნდა, არის ისეთი გარემო, სადაც რეაბილიტაცია ვერ მოხდება და ვერ მოხდება ანორექსიის განკურნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, უმრავლესობის წარმომადგენლები და ყველა ადამიანი, ვისაც შეიძლება, რაღაც ეჭვები ჰქონდეს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ ყველაფერს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგი ექნება.

შეკითხვაზე, რატომ არ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა საქართველოში ჩაუტარდეს, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ვერ მოხერხდება, რადგან ამ დაავადების განკურნება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს ისეთ კლინიკებში, როგორიც საქართველოში არ ეგულება.