ხატია დეკანოიძე - კლუბებში ადამიანების შევიწროება და მათი ნახირივით გამორეკვა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლასთან კავშირში არ არის
ხატია დეკანოიძე - კლუბებში ადამიანების შევიწროება და მათი ნახირივით გამორეკვა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლასთან კავშირში არ არის

მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია, რასაც ჩვენი ხელისუფლება ყველა მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკური რეპრესიებისა და დასაშინებლად იყენებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მტკიცება არც იმას სჭირდება, რომ მსხვილ ნარკოგამსაღებლებთან შეურიგებელი ბრძოლა აუცილებელია. ამ საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მეც არ შემიძლია და ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში არ ხდება ის, რაც ჩვენ პარასკევს ვიხილეთ, რის გამოც ადამიანები გამოვიდნენ და პროტესტი გამოხატეს. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ღამის კლუბებზე მსგავსი ფორმებით თავდასხმა და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ტურისტების დაპატიმრება არ ხდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ის, რაც მოხდა, თვალებში ნაცრის შეყრაა, რადგან ნარკოგამსაღებლებთან ბრძოლას რეალურად სხვანაირი მიმართულება, პირველ რიგში, საზღვრის დაცვა სჭირდება და ღამის კლუბებში ტურისტების დაკავება-დაპატიმრება, ადამიანების შევიწროება და მათი ნახირივით გამორეკვა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლასთან არანაირ კავშირში არ არის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის ნარკოპოლიტიკას უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარტიის პოზიციაა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ზრუნვაზე ორიენტირებულმა ნარკოპოლიტიკამ ჩაანაცვლოს.

დატოვე კომენტარი