ხატია დეკანოიძე – ხელისუფლებას საქართველო გამოჰყავს ქვეყნად, რომლისთვისაც არაფერია მეგობარი უკრაინის მხარდაჭერა
15 უდიდესი რძის მწარმოებელი კომპანიისთვის შეზღუდვების მოხსნა ჩვენს ათასწლოვან მეგობრობას, ჩვენს მრავალწლიან ბრძოლას ზიანს აყენებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნუთუ, ვერ ხედავთ, რომ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი მხარს უკრაინას უჭერს და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებას. ნუთუ დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები – „მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია“. ასე მოგვმართა დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩართული უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ. დიახ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, მაგრამ ეს არ ამსუბუქებს იმას, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს დღეს საქართველოს. საქართველოს ხელისუფლებამ იკადრა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე უფრო უკადრებელი რამ, რუსეთთან, ოკუპანტთან ომში ჩართულ უკრაინის ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც ფრთოსანი რაკეტები ეცემოდა უკრაინის ქალაქებს, იბომბებოდა ქალაქები და კვდებოდნენ ბავშვები და არც ჰუმანიტარული დერეფანი იყო გაკეთებული მოსახლეობისთვის, ზუსტად ამ დროს, თურმე მოლაპარაკებები ჰქონდათ რუსეთთან რძის მწარმოებელი კომპანიების რუსულ ბაზარზე შეშვების თაობაზე. თუ რამე არის ქვეყნის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, თუ რამე არის ტრადიციების ღალატი, კულტურისა და მეგობრობის ღალატი, ეს არის ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. დღეს მთავრობას საქართველო გამოჰყავს ქვეყნად, რომლისთვისაც არაფერია თავისუფლების იდეა, რომლისთვისაც არაფერია სამართლიანობის იდეა და ყველაზე მნიშვნელოვანი, ხელისუფლებას საქართველო გამოჰყავს იმ ქვეყნად, რომლისთვისაც არაფერია მეგობარი უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს პროდასავლური ოპოზიცია.
„მე, პარტიის სახელით მინდა, მივმართო რადას თავმჯდომარეს, რომ საქართველოს ჰყავს პროდასავლური ოპოზიცია, ქართველ ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, არის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ამ მძიმე ბრძოლაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ ნახოს ელემენტალური გაქანება, საქართველო სანქციების გარეშე გამოსაყენებელ ტერიტორიად გადაიქცეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.