ხატია დეკანოიძე - ხელისუფლება ვალდებულია, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კითხვებს პასუხები გასცეს და სტრასბურგის სასამართლოს ყველა მტკიცებულება გადასცეს
ხატია დეკანოიძე - ხელისუფლება ვალდებულია, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კითხვებს პასუხები გასცეს და სტრასბურგის სასამართლოს ყველა მტკიცებულება გადასცეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სრულ სოლიდარობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მათ პროტესტის უფლება ჩამოართვა.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

დეკანოიძის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან დღემდე ოჯახმა და საზოგადოებამ სპეცოპერაციის საქმეზე არსებულ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.

„მთელი ამ ხნის მანძილზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, საზოგადოებამ ვერ მიიღეს პასუხები კითხვებზე. უფრო მეტიც, მაჩალიკაშვილის ოჯახის, საზოგადოების მიმართ დამოკიდებულების კულმინაცია, რომელიც იყო ძალზე ცინიკური, გამოიხატა 31 დეკემბერს, როდესაც მაჩალიკაშვილის ერთადერთი საპროტესტო ადგილი და მისი კარავი ნაგავში მოისროლეს ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის დავალებით. ამას მოჰყვა პროტესტი და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის დაკავება.

სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სამართლიანი და ეფექტური გამოძიება, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ე.წ. სპეცოპერაციის განსაკუთრებულად დამამცირებელი და აგრესიული ჩატარების გამო და ასევე, არ დასჯილან ამ დრომდე დამნაშავეები. ძალზედ მნიშვნელოვანია, ასევე, ის ფაქტი, რომ დღემდე დაზარალებულის ოჯახს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, რაც გულისხმობს იმას, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახს არ შეუძლია, გაეცნოს გამოძიების მასალებს. მეტიც, მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაარღვია ყველანაირი პროცესუალური, ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და თვითონ აწარმოებდა გამოძიებას, გააყალბა ჩვენებები“ ,- განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითად განხილვა დაიწყო. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა კითხვები და ხელისუფლება ვალდებულია, მას უპასუხოს.

„ამ სიტუაციაში ძალზედ მნიშვნელოვანია და ასევე, ადასტურებს ამ საქმის სიმძიმეს, როცა არასამთავრობო სექტორის სრული ჩართულობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის არსებითად განხილვა. მას შემდეგ, როცა სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელზეც ასევე, მაჩალიკაშვილის ოჯახს უარი უთხრა საქართველოს ხელისუფლებამ, ამ სიტუაციაში, ნამდვილად დადგინდება სიმართლე და სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რატომ ჩამოართვა სიცოცხლის უფლება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, ანუ რატომ მოკლა დაუგეგმავი და გაუმართლებელი სპეცოპერაციის შედეგად, რა წინაპირობები უძღოდა და რა იყო ის გარემოებები, რომელიც ხდიდა აუცილებელს ამ არაპროფესიონალურად ჩატარებულ სპეცოპერაციას, ასევე, რატომ არ უზრუნველყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებით თემირლან მაჩალიკაშვილი, როცა მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა ჰქონდა, რატომ უარყო საგამოძიებო კომისიის შექმნა, როცა ოჯახს და საზოგადოებას აინტერესებთ სიმართლის დადგენა, ყველა ამ კითხვაზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, გასცეს პასუხები და გადასცეს ყველა მტკიცებულება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ჩვენ გვინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადოთ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და ვთქვათ, რომ სახელმწიფომ მათ პროტესტის უფლება ჩამოართვა,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.