ხატია დეკანოიძე - ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების დასაცავად არაფერს აკეთებს
ხატია დეკანოიძე - ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების დასაცავად არაფერს აკეთებს

ეს არის უმძიმესი რეალობა, როცა ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეები და შესაბამისად, რეალურად აწარმოოს ის პროცესი, რასაც ჩვენი მოქალაქეების დაცვა ჰქვია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა.

„სხვათა შორის, დღეს გამოქვეყნდა აუდიტის დასკვნა, სადაც პირდაპირ არის ნახსენები, რომ ვეტერანთა სამსახურმა 13 000 ოფიცრის და ჯარისკაცის ინფორმაცია გადასცა დაუდგენელ ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლობს ჩვენ ოკუპანტთან.

რეალურად, საქმე გვაქვს იმასთან, რომ ტატუნაშვილი და სხვა ოფიცრები არიან მსხვერპლი დღევანდელი ხელისუფლების. ის რომ დაუცველობის განცდა არის თითოეულ ჩვენ მოქალაქეში, ის რომ ოკუპანტს არ ვუწოდებთ ოკუპანტს, ის რომ რუსეთი ოკუპანტია და კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ არის იმის მომტანი, რისი ინტერესიც აქვს საქართველოს, ახლა სასწრაფოა, რომ ყველა საერთაშორისო მისია, ყველა პარტნიორი აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რადგან ხელისუფლება არაფექტურია ამ კუთხით“,- განაცხადა დეკანოიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.