ხატია დეკანოიძე - კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ ენაზე საკმაოდ მწვავე იყო
ხატია დეკანოიძე - კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ ენაზე საკმაოდ მწვავე იყო

კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ ენაზე საკმაოდ მწვავე იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე შეფასებით, ჰარცელი თავის განცხადებაში იმ საკითხებს შეეხო, რაზეც ოპოზიცია დიდი ხანია საუბრობს.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბატონი ჰარცელის განცხადება, დიპლომატიურ ენაზე იყო საკმაოდ მწვავე და შეეხებოდა იმ ძირითად ასპექტებს, რაზეც ჩვენ მუდამ ვსაუბრობთ. პირველი – ეს იყო ის, რომ თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს და კიდევ ერთი გავრილოვის პატიმრის კონფიგურაციას შეეცდება, მაშინ ეს გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას და მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი – ბატონმა ჰარცელმა ხაზი გაუსვა უმძიმეს პრობლემას საქართველოში, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. კერძოდ, მან თქვა, რომ სასამართლოს ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს განცხადება ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელსაც ხელისუფლება იყენებს და ამის მთავარ აღმასრულებლად აყენებს სასამართლოს, არის ძალიან დიდი პრობლემა კანონის უზენაესობისთვის. ეს განცხადება დიპლომატიურ ენაზე არის ძალიან, ძალიან მწვავე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა კარლ ჰარცელის განცხადებაზე, რომელიც დიალოგის განახლებას შეეხებოდა.

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლება აღასრულებს გავრილოვის მითითებებს, არავითარ რაღაც კონკრეტულ მოლაპარაკებებსა და უფრო მეტიც, არავითარ შედეგზე არ შეიძლება საუბარი. ამ ჩარჩოში მან მოუწოდა, რომ სასამართლოს უნდობლობის ხარისხი და მათ შორის, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება ხელს არ შეუწყობს პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეს დიდი გავლენა ექნება პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო გადაწყვეტის მოძებნა.