ხატია დეკანოიძე – ივანიშვილის მმართველობა არის დიდი საშიშროება უკრაინის გამარჯვებისთვის, რადგან უსაფრთხოების სარტყელში, რომელიც უნდა შემოეკრას უკრაინას, საქართველო ამოვარდნილია, ეს არის ხელიდან გაშვებული გეოპოლიტიკური შანსი

22:06, 11.08.2022

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, კვლევები ღიად აჩვენებს, რომ დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში, „ქართულ ოცნებას“ პროდასავლური ამომრჩეველი დაკარგული ჰყავს.

„ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავარი საზრუნავი რა არის? ეს საზრუნავი აღარ არის არავითარი იმიჯის აღდგენა დასავლურ ფრონტზე, რადგან მას იმიჯი დანგრეული აქვს, მისი იმიჯი არის ბოლო რუსული ყაიდის ოლიგარქი, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „მას ხომ შეუძლია, ფერუმარილი წაუსვას ამ იმიჯს და არა პირიქით“, – ხატია დეკანოიძე პასუხობს: „არა, აღარ შეუძლია, რადგან ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ძალიან დიდი საშიშროება უკრაინის გამარჯვებისთვის, მათ შორის არა გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, რადგან უსაფრთხოების სარტყელი, რომელიც უნდა შემოეკრას უკრაინას, შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, ამ სარტყელში საქართველო არის ამოვარდნილი და ეს არის ხელიდან გაშვებული გეოპოლიტიკური უდიდესი შანსი და „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული შეცდომა“.

ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ხელისუფლების ცვლილება, რათა დასავლური კურსი დაიბრუნონ.

მსგავსი