ხატია დეკანოიძე – IRI-ის კვლევა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მე არ მჭირდება კვლევა იმის სათქმელად, თუ რა პრობლემებია ქვეყანაში
შემიძლია, გითხრათ ის საზოგადოებრივი განწყობები, რომელიც არსებობს ზოგადად საქართველოს მოქალაქეებში და ის პრობლემები, რომელიც არის თითოეულის ოჯახში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ხატია დეკანოიძემ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა აჩვენა IRI-ის არაოფიციალური კვლევის მონაცემებმა, რადგან, თუ შევადარებთ 2023 წლის მონაცემებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი მკვეთრად, 13%-დან 5%-მდეა შემცირებული.
„ჩვენ არ გვქონია არავითარი შედეგები და მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სახის ოფიციალურ კვლევაზე, რომელიც საზოგადოებრივ განწყობებს ასახავდა. მე შემიძლია, გითხრათ ის საზოგადოებრივი განწყობები, რომელიც არსებობს ზოგადად ადამიანებში საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებში და ის პრობლემები, რომელიც არის თითოეულ ოჯახში. ახლა თქვენი გადამღები ჯგუფი, თქვენი ოპერატორები, თქვენი ჟურნალისტი არის ჩემს ოჯახში და ჩვენც გვაწუხებს ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვს ქართველ ხალხს. მაგალითად, ეს არის საწვავის ფასების მატება, საკვები პროდუქტის ფასის მატება, ყოველდღიური გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საწვავის ფასი, რომელიც რეალურად მოქმედებს ძალიან ბევრ რამეზე; ეს არის მაგალითად, განათლების ხარისხი; ასევე ძალიან ბევრ სკოლაში სწავლა არ დაიწყო; ეს არის კორუფცია, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში ვლაპარაკობდით და ასე შემდეგ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ამ პრობლემების ფონზე, IRI-ის კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რატომ მცირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი, რატომ იზრდება ხელისუფლების რეიტინგი, ნიშნავს ეს თუ არა, რომ სტრატეგია, რომელსაც პარტია სთავაზობს ამომრჩეველს, მათთვის არ არის მისაღები, პარტიის ელექტორატის დაკვეთა არის სრულიად სხვა, ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომ „მე არ მჭირდება კონკრეტული კვლევა იმის სათქმელად, თუ რა პრობლემებია ქვეყანაში“.
„მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება მმართველობაში, ეს პრობლემები არ მოგვარდება.
საქართველო არის იზოლაციაში, ცალკეული ვიზიტებისას არცერთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი არ ხვდება მაგალითად,
პაპუაშვილს, რომელიც დაკავებულია მხოლოდ ანტიდასავლური რიტორიკით. ეს, რა თქმა უნდა, არაფერს არ ცვლის“, – განაცხადა დეკანოიძემ.
კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს ზოგადად ამ კვლევაზე, რადგან IRI-ის ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა არც უარყვია კვლევების ჩატარება, შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ ნამდვილად ჩატარდა ასეთი გამოკითხვა და რატომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ისევე, როგორც ოპოზიციის ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობაც“ ცდილობს, თავი აარიდოს ამ კვლევის შედეგებზე საუბარს, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ოფიციალური ინფორმაცია არ ჰქონიათ ამ კვლევებთან დაკავშირებით და ვერაფერს ვერ იტყვის.
„არ გამოქვეყნებულა ოფიციალურად, არ ყოფილა რამე კონკრეტული პრეზენტაცია, მაგრამ მე მოგახსენეთ, როგორია ზოგადად ადამიანების განწყობა და ამ ადამიანების განწყობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს; „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%. 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“. 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის ძალას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.