ხატია დეკანოიძე - გვინდოდა პოლიტიკური პროტესტი, ჟურნალისტების ხმა ვყოფილიყავით, რათა დაენახათ, რომ ღარიბაშვილი არის მოძალადე
ხატია დეკანოიძე - გვინდოდა პოლიტიკური პროტესტი, ჟურნალისტების ხმა ვყოფილიყავით, რათა დაენახათ, რომ ღარიბაშვილი არის მოძალადე

ჩვენ გვინდოდა პოლიტიკური პროტესტი, ჟურნალისტების ხმა ვყოფილიყავით, რათა დაენახათ, რომ მოძალადეა ღარიბაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მისვლის შემდეგ ხმაურისა და დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრს მოუწევს ყურება იმ ადამიანისთვის, ვისი სიცოცხლის უფლებაც არ დაიცვეს. დეკანოიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პროტესტი ვერ აიტანეს, რის გამოც სხდომათა დარბაზიდან გამოაძევეს.

„გომელაურს იცავს კობახიძის დაცვა. ჩვენ გვინდოდა პოლიტიკური პროტესტი, ჟურნალისტების ხმა ვყოფილიყავით, რათა დაენახათ, რომ მოძალადეა ღარიბაშვილი. ეს იყო პოლიტიკური პროტესტი ჩემი და ჩემი მეგობრების. მაცვია ლექსოს მაისური, მინისტრს მოუწევს ყურება იმ ადამიანისთვის, ვისი სიცოცხლის უფლებაც არ დაიცვეს, რადგან ძალაუფლება შეინარჩუნონ. სიმართლე გითხრათ, არავითარი კითხვა ახლა, ამ წუთას გომელაურთან არ მაქვს. ახლოს მივედი მასთან, თუმცა დაცვა იდგა, მთელი უმრავლესობა დაუდგა გარშემო და ვკითხე, რატომ არის მორგოშია გარეთ, რატომ არის მახარაძე ქუჩაში და მიპასუხა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ახლა აპირებს, თქვას, რომ გამოძიება მიმდინარეობს. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს კითხვები გომელაურთან, მას ჩემი სათქმელი უკვე ვუთხარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვერ აიტანეს პოლიტიკური პროტესტი და გამოგვაძევეს. როდესაც შს მინისტრს იცავს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ნიშანდობლივი, რაც ხდება დღეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.