ხატია დეკანოიძე - გვინდა, რომ შეთანხმება მოხდეს, მაგრამ ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა ახალი არჩევნებია
ხატია დეკანოიძე - გვინდა, რომ შეთანხმება მოხდეს, მაგრამ ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა ახალი არჩევნებია

ჩვენი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ. გვინდა, რომ რაღაცნაირად შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა – ეს არის ახალი არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებიდან“ ამ დრომდე არ ყოფილი არავითარი შემხვედრი წინადადება.

„შესაბამისად, სხვა კომპრომისული სივრცე ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენს უკან არიან საქართველოს მოქალაქეები.

ძალიან მნიშვნელოვანია, გესმოდეს, რომ მთელი პასუხიმგებლობა იმ კრიზისზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში, ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს. ამიტომ, ჩვენ მათ გეგმა შევთავაზეთ, თუ როგორ ვხედავთ ამ კრიზისიდან გამოსავალს. ეს არის ახალი არჩევნები, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით საპარლამენტო ქვეყნებში არის კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალება. ველოდებით ახლა შემხვედრ წინადადებებს. არავითარი შემხვედრი წინადადება „ქართული ოცნებიდან“ აქამდე არ ყოფილა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ოპოზიციონერი კანდიდატების აქტივისტები ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე.

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ამაზრზენი კამპანია. ახლა სურთ, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ ბევრ ფარისევლობას. არ ვიცი, რა დავარქვა ამ მეორე ტურებს, ეს არის კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტური. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას.

მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე მივმართეთ ჩვენს ამომრჩევლებს, არ მივიდნენ და ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს. არც ჩვენ – ოპოზიციის კანდიდატები და არც ჩვენი ამომრჩეველი მონაწილეობას არ მიიღებს იმ დემოკრატიის იმიტაციაში, რომლის შექმნაც ბიძინა ივანიშვილმა სურს.
პირველად ხდება დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ ერთი პარტია მონაწილეობს ასე ვთქვათ არჩევნებში, ვერც ერთი კანდიდატი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატიის ფასადი, იმ ფასადური დემოკრატიისთვის რომელიც მას სჭირდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ლეგიტიმური პარლამენტი ხელახალი არჩევნების გარეშე არ იქნება.

„დემოკრატიის იმიტაციაში არ უნდა ავრიოთ ჩვენი თანამოქალაქეები და საქართველოს ყველა ის ღირსეული ადამიანი, რომელმაც მიუხედავად დიდი რისკისა, ხმა მისცა ოპოზიციას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.