ხატია დეკანოიძე - ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა არის შეუქცევადი
ხატია დეკანოიძე - ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა არის შეუქცევადი

გრძელდება იმ ადამიანის დევნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის განსაკუთრებულ წინაღობას და დაბრკოლებას წარმოადგენს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში ნიკა მელიას დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეკანოიძე პროკურატურის განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა.

„მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას ზოგადად ამ პოლიტიკური დევნის პირობებში ახასიათებს უტიფრობა და თავხედობა, მე მსგავსი აბსურდული განცხადება ძალინ იშვითად მომისმენია. ეს არის დაკავშირებულია რამდენიმე მიზეზთან. პირველი – ეს არის უშუალოდ ის, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერების პოლიტიკური დევნა გრძელდება. ასევე გრძელდება იმ ადამიანის დევნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის განსაკუთრებულ წინაღობას და დაბრკოლებას წარმოადგენს. ესენი ფიქრობენ, რომ პოლიტიკური დევნის შემთხვევაში, ამ ადამიანების რამენაირად შეჩერება შეიძლება. გვახსოვს, რომ ნიკა გვარამია დაიბარეს სასამართლოში, ასევე გაგრძელდა სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ საქმეები. ამიტომ ეს აბსურდულობა სწორედ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ემსახურება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, მისივე შეფასებით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება მცდელობაა, რომ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი პარლამენტში შევიდეს.

„მეორე – ჩემი გადმოსახედიდან ეს უკავშირდება ხელების გადაგრეხვის პრინციპს, რომ ვინმე პარლამენტში შევიდეს, რომ ოპოზიცია დააშინონ. ფიქრობენ, რომ თუ ასეთ უტიფრობას გამოიჩენენ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც გადაწყვიტა, ამ პარლამენტისთვის არ მიენიჭებინა ლეგიტიმაცია, გადაწყვეტილებას შეცვლის.

ამიტომ პოლიტიკური მართლმსაჯულება წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის პოლიტიკური ოპონენტების დევნის მთავარ იარაღს წარმოადგენს. რაც არ უნდა დევნის იარაღად გამოიყენონ პოლიტიკური ლიდერების და განსაკუთრებით ნიკას მიმართ ასეთი საქმეები, დამერწმუნეთ, ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა არის შეუქცევადი და განსაკუთრებით ჩვენს პარტიაშია.

მინდა ვუთხრა სისტემას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა, ნამდვილად არ შეიცვლება, რაც არ უნდა პოლიტიკური მართლმსაჯულება გამოიყენონ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკანორ მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.