ხატია დეკანოიძე - გიორგი ვაშაძეს მისი პარტიის რეიტინგი არ უნდა აძლევდეს პრემიერობის ამბიციების საშუალებას
ხატია დეკანოიძე - გიორგი ვაშაძეს მისი პარტიის რეიტინგი არ უნდა აძლევდეს პრემიერობის ამბიციების საშუალებას

გიორგი ვაშაძეს მისი პარტიის რეიტინგი არ უნდა აძლევდეს ამ ამბიციების საშუალებას, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მოძრაობა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ის პროდასავლური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას აპირებს.

დეკანოიძე გიორგი ვაშაძეს ურჩევს, ამომრჩევლის ნებას პატივი სცეს.

„მინდა, გიორგი ვაშაძეს ერთი რამ ვურჩიო – საკუთარი ამომრჩევლის ნების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ იქნება მთავრობაში, ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი და არა კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების. შესაბამისად, ვფიქრობ, ასეთი განცხადებები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. თუ ბოლო კვლევებს გადავხედავთ, გიორგის მისი პარტიის რეიტინგი ამის აფიშირების და ამბიციების საშუალებას არ უნდა აძლევდეს. მთავარია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა პატივი სცეს ამომრჩეველს.

ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილების შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ამიტომ მე ზედმეტადაც მიმაჩნია ახლა რაიმე სახის მთავრობაზე საუბარი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, არჩევნების მონაწილე ყველა სუბიექტი უნდა მოერიდოს ისეთი განცხადებების კეთებას, რამაც ამომრჩეველს შეიძლება რწმენა შეურყიოს.

„ჩვენი პარტია მოტივირებულია გამარჯვებასა და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე. შესაბამისად, ყველამ უნდა გაითავისოს ის, რომ არჩევნების მთავარი შედეგი არის ჩვენი ამომრჩევლის ნება და არავითარი სხვა განცხადებები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცოტა ფრთხილად უნდა მოეკიდოს ნებისმიერი, თუნდაც გიორგი ისეთ განცხადებებს, რომელმაც შეიძლება რაღაც რწმენა შეურყიოს ამომრჩეველს ზუსტად მასში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.