ხატია დეკანოიძე - განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან, რადგან მთელი მისი მოტივაციაა, გააღრმაოს პოლარიზაცია
ხატია დეკანოიძე - განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან, რადგან მთელი მისი მოტივაციაა, გააღრმაოს პოლარიზაცია

განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან, რადგან მთელი მისი მოტივაციაა, გააღრმაოს პოლარიზაცია, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

„ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

მისი თქმით, „ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში საუბრობს მარტო ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“, სააკაშვილზე და პოლარიზაციაზე, რადგან მეტი სათქმელი და შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს.

„საერთოდ რაზე საუბრობთ, 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს. ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე, წყალზე, ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.