ხატია დეკანოიძე - ფაქტია, საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე ბოლო წლებია შესუსტებულია
ხატია დეკანოიძე - ფაქტია, საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე ბოლო წლებია შესუსტებულია

ფაქტია, საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე ბოლო წლებია შესუსტებულია, რაზეც პასუხისმგებელი, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„მაგალითად, როდესაც საქართველო უკრაინასთან დაკავშირებულ სანქციებს არ შეუერთდა, განსაკუთრებით ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, ეს იყო პირველი დასტური იმისა, რომ თუნდაც ჩვენი ოკუპაციის საკითხი არ იდგა უკრაინის ოკუპაციის გვერდით იმ სათანადო სიმაღლეზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. ნებისმიერ საერთაშოროსო მოლაპარაკებაზე, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, ის პასუხისმგებელია.

საქართველო უნდა იყოს ყურადღების ცენტრში, ვინაიდან გვაქვს უდიდესი გამოწვევა და საფრთხე რუსეთიდან. ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდი ნაწილია ოკუპირებული, ამიტომ რეალურად თუნდაც კარასინი-აბაშიძის ფორმატი გულისხმობს იმას, რომ რუსეთთან კეკლუცობის პოზიცია არ არის დადებითი შედეგის მომტანი.

ფაქტია, საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე ბოლო წლებია შესუსტებულია. თუ გვინდა, რომ ჩვენ მუდმივად ვიყოთ დღის წესრიგში, ამისთვის არის აუცილებელი საქართველოს ხელისუფლებისგან მყარი პოზიცია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“,- განაცხადა დეკანოიძემ.

აღნიშნულ საკითხზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. „ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და ახალი „ფეიკნიუსები“ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან, ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში და ვითომ, ჩვენ გავქრით რადარებიდან, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.