ხატია დეკანოიძე - ევროპარლამენტარების განცხადებაში ძალიან მკვეთრად არის ასახული, რომ პასუხისმგებლობა მეტწილად ხელისუფლებას ეკისრება
ხატია დეკანოიძე - ევროპარლამენტარების განცხადებაში ძალიან მკვეთრად არის ასახული, რომ პასუხისმგებლობა მეტწილად ხელისუფლებას ეკისრება

ევროპარლამენტარების განცხადებაში ძალიან მკვეთრად არის ასახული, რომ პასუხისმგებლობა მეტწილად ხელისუფლებას ეკისრება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დეკანოიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს.

„ევროპარლამენტარების განცხადებაში ძალიან მკვეთრად არის ასახული, რომ პასუხისმგებლობა მეტწილად ხელისუფლებას ეკისრება. მე ვიცი ჩემი პარტნიორების, სხვა ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულებაც, ეს დოკუმენტი არ ასახავს შეთანხმებას, როგორც პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მთავარ ქვაკუთხედს. ამ დოკუმენტში არ არის ვადამდელი არჩევნები და განსაკუთრებით პატიმრების საკითხი. ასე რომ, მას ხელს არ მოვაწერთ. დოკუმენტის მოდიფიცირება თუ მოხდება და რეალურად იქნება გადაწყვეტილი პატიმრების საკითხი, ვადამდელი არჩევნების ჩარჩოზეც თუ მივა გადაწყვეტილება და აისახება რეალური რეფორმები, ამ დოკუმენტის განხილვას აზრი, აქვს დანარჩენი მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძემ ასევე კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად, არჩილ თალაკვაძის მხრიდან გიორგი რურუას გათავისუფლების შეთავაზების შემთხვევაშიც, პარტიები დოკუმენტზე ხელის მოწერას არ დათანხმდნენ.

„ალეკო ელისაშვილი სამწუხაროდ თვითონვე შევიდა რაღაც თავისუფლებით ვაჭრობაში და თავადვე სურს, დააკანონოს თავისუფლებით ვაჭრობა. ძალიან სამწუხაროა, ელისაშვილი და მისი პარტია უკვე წარმოადგენს „ქართული ოცნების“ დანამატს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძემ ტყუილი უწოდა ელისაშვილის იმ განცხადებასაც, რომლის თანახმად, დოკუმენტს ხელს 100 პროცენტით აწერდა ვახტანგ მეგრელიშვილი, ხოლო 95 პროცენტით „ქართული ოცნება“.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარები გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.