ხატია დეკანოიძე - ერთიანი სია ან რაღაც შერწყმა ჩვენს პარტიაში არ განიხილება, თუმცა საერთო იდეის გარშემო ვთანამშრომლობთ
ხატია დეკანოიძე - ერთიანი სია ან რაღაც შერწყმა ჩვენს პარტიაში არ განიხილება, თუმცა საერთო იდეის გარშემო ვთანამშრომლობთ

ტექნიკურ ფორმალიზება, მათ შორის ერთიანი სია ან რაღაც შერწყმა, ჩვენს პარტიაში არ განიხილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ოპოზიციასთან საერთო იდეის გარშემო, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილების საკითხის შესახებ თანამშრომლობენ.

ამასთან, როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, გულშემატკივრობს ყველა პარტიას, რომლის რეიტინგიც და ამომრჩევლის ბაზაც უნდა გაიზარდოს.

„ვფიქრობ, ჯერჯერობით რაღაც ფორმალიზებაზე საუბარი ადრეა, რადგან არც მათ არ წარმოუდგენიათ კონკრეტულად ტექნიკური ფორმალიზება, მე მხედველობაში მაქვს ის სამი პარტია რომელმაც მათ შორის დააანონსეს ე.წ. საერთო სტრატეგიაზე მუშაობა, ეს ერთი. მეორე, ძალიან ადრეა ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობა, რადგან ჯერ არჩევნებია მოსაპოვებელი. მესამე, ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა პარტიას, რომლის რეიტინგიც და ამომრჩევლის ბაზაც უნდა გაიზარდოს, რათა ჩვენს საერთო კალათაში გაცილებით მეტი ხმები მოვაგროვოთ. მეოთხე, ჩვენ ვიყავით ავანგარდში პრეკოალიციის, რომელიც იყო 2020 და 2021 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ზოგადად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პროდასავლური ოპოზიციის ამომრჩევლის ბაზა გაიზარდოს. რაც შეეხება ტექნიკურ ფორმალიზებას, მათ შორის ერთიან სიას ან რაღაც შერწყმას და ასე შემდეგ, ჩვენს პარტიაში ეს არ განიხილება, თუმცა საერთო იდეის გარშემო, მათ შორის ევროპული იდეა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქიის ჩამოცილება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვითანამშრომლებთ და კიდევ უფრო აქტიური კოორდინაცია გვექნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება, ნინო ბურჯანაძის მიერ ოპოზიციის უმოქმედობაში დადანაშაულებას, დეკანოიძე აღნიშნავს:

„არ ვთვლი, რომ ვართ უმოქმედო, ეს კონკრეტულად ერთი. მეორე, ადვილია ოპოზიციის კრიტიკა, როდესაც რეალურად არ იდება სხვადასხვა კონკრეტული სუბიექტების მიერ ის აგური, რომლისთვისაც ყველა ჩვენ ვშრომობთ, არ მინდა ახლა დაკონკრეტება. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ ნებისმიერი ერთობა მიგვაჩნია შედეგზე ორიენტირებული და შედეგზე ორიენტირებული ერთობა უნდა იყოს ძალზედ მნიშვნელოვანი, მათ შორის საერთო კოორდინაციით, მათ შორის სხვადასხვა მიმართულებით და ევროპული იდეის კოორდინაციით. ჩვენი მიზანი და სურვილი არის, რომ სხვა პატარა პარტიებმა გაცილებით უფრო მეტი იმუშაონ და მხარდაჭერა მოიპოვონ, რათა საერთო კალათაში მეტი მოცულობით იყოს ჩვენი მხარდაჭერა“, – აცხადებს დეკანოიძე.