ხატია დეკანოიძე - ძალიან ცუდია, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას საპოლიციო საქმიანობა ამ ნარკოპოლიტიკაზე იყო მორგებული
ხატია დეკანოიძე - ძალიან ცუდია, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას საპოლიციო საქმიანობა ამ ნარკოპოლიტიკაზე იყო მორგებული

ძალიან ცუდია, თუ საპოლიციო საქმიანობა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, რაღაც ფორმით ამ ნარკოპოლიტიკაზე იყო მორგებული, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

ამ განცხადებით ხატია დეკანოიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიცვალა თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოზიცია ოპოზიციაში ყოფნის შემდეგ, რადგან პარტიის ლიდერი სპეცოპერაციის ჩატარების ფორმას აპროტესტებს მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ნარკოპოლიტიკა საკმაოდ რეპრესიული იყო და ადამიანთა დაკავება ტელეკამერების წინ ხდებოდა.

მისი თქმით, ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ბერა ივანიშვილის სიმღერების ტექსტების გათვალისწინებით იღებს.

„პარასკევის აქციას წინ უძღოდა ბერას გამოხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ მას კლუბ „ბასიანში“ ინტერესი არ ჰქონდა. შემდეგ უკვე, გუშინ მის მიერ ატვირთული კლიპი „ლეგალიზება“ პრაქტიკულად კულმინაცია იყო. ალბათ გახსოვთ „ბირჟა მაფიის“ ქეისიც, როცა ეს ადამიანები გამოუშვეს, როგორც კი ბერამ მათ მხარდაჭერა გამოუცხადა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიცია სამძებრო-ოპერატიულ საქმიანობაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც თანამედროვე პოლიციური სტანდარტია.

„ამისთვის საჭიროა, პოლიცია აპოლიტიკური იყოს და ბერას თუ სხვების დაკვეთებს არ ემსახურებოდეს. ქართული პოლიცია ხალხის სამსახურში უნდა იყოს, რაც „ქართული ოცნების“ დაპირება იყო, მაგრამ არ შესრულდა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, იმედი არ აქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი, რომელმაც პარასკევის ოპერაცია დაგეგმა, თავის დაპირებებს შეასრულებს.

დატოვე კომენტარი