ხატია დეკანოიძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდება
ხატია დეკანოიძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდება

თვითმმართველობის არჩევნები არის ეროვნული ამოცანის მქონე, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. ოპოზიცია იქნება ერთიანი, რასაც გამოვაცხადებთ და ერთიანი პლატფორმით წარვდგებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, ვადამდელი არჩევნების მისაღწევად ერთიანობა აუცილებელია.

„თვითმმართველობის არჩევნები არის ეროვნული ამოცანის მქონე, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, რადგან რეალურად, ჩვენ ვადამდელ არჩევნებზე უნდა გავიდეთ. ოპოზიცია იქნება ერთიანი. ამ ამოცანის შესრულების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ვხედავ ერთიანობას და ეს არის ზუსტად ის, რასაც გამოვაცხადებთ და ერთიანი პლატფორმით წარვდგებით. სამწუხაროდ, 5 ივლისის ტრაგიკულმა მოვლენებმა და ძალადობრივმა აქტმა შეთანხმება ცოტა გადაწია, მაგრამ ეს შეთანხმება უახლოეს მომავალში იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძის დასახელებას, საკითხზე საუბრისას დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ყველა, ვინც „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, ღარიბაშვილია.

დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდება.

„ჩემთვის კახა კალაძე უკვე ირაკლი ღარიბაშვილია. ყველა, ვინც „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, ღარიბაშვილია. როცა კალაძე ჟურნალისტებსა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, გასაგებია, რომელ მხარესაა. არანაირი განსხვავება არ არის კალაძე, ღარიბაშვილ, მორგოშიასა და მახარაძეს შორის. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.