ხატია დეკანოიძე - ჩვენი კრიტიკა, ბრალდებები და ტალახის სროლა სწორი არ არის იმის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქციაში მონოლითური ვითარება არ აქვს
ხატია დეკანოიძე - ჩვენი კრიტიკა, ბრალდებები და ტალახის სროლა სწორი არ არის იმის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქციაში მონოლითური ვითარება არ აქვს

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კრიტიკას არ იზიარებს და ინტერესდება, მას და რომან გოცირიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება რატომ არ უნდა ჰქონდეთ.

როგორც საქართველოს პირველ არხს დეკანოიძემ განუცხადა, როცა რეგლამენტში ცვლილებები შევიდა და პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება გახარიას ჯგუფსა და „ხალხის ძალას“ მიეცათ, ეს უფლება მათაც ეკუთვნოდათ.

ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი უსამართლობა იყო, როცა მას და რომან გოცირიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება არ მისცეს.

„პოლიტიკური ჯგუფის საშუალებით პარლამენტში გვექნება მეტი დრო, ბერკეტი მინისტრების დაბარებისთვის. შესაძლობები გაცილებით დიდია აპარატის არსებობის თვალსაზირისითაც. რა თქმა უნდა, ამბიცია გვაქვს, უფრო ეფექტური იყოს მუშაობა. ეს უსამართლობა თავიდანვე უნდა გასწორებულიყო. ლევან ბეჟაშვილს სრულად ვეთანხმები, რომელმაც ცვლილებები სამართლიანად გააკრიტიკა და თქვა, რომ რეგლამენტში ცვლილებები უნდა შევიდეს და საშუალება მოგვცენ, ჯგუფი შევქმნათ. სხვებისთვის თუ არსებობს ორ-სამ-კაციანი პოლიტიკური ჯგუფები, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება? ვერ ვხვდები, კრიტიკის საფუძველი რა არის. „ნაციონალური მოძრაობა“ დავტოვე უფრო ადრე, ვიდრე კლანის გასაძლიერებლად „ქართულ ოცნებას“ ხმები აღმოაჩნდებოდა. რომან გოცირიძემ უფრო ადრე დატოვა. იმისთვის, რომ ფრაქციაში რაღაც მონოლითური ვითარება არ აქვთ, ამისთვის ჩვენი კრიტიკა, ბრალდებები და ტალახის სროლა სწორი არ არის. ჩვენ ეს არაფერს დაგვიშავებს. მიხარია, რომ რომან გოცირიძისა და ჩემი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი ასეთი განხილვის საგანი გახდა. ე.ი. რაღაც შიში არსებობს იქით-აქეთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

საუბარია რეგლამენტში ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.