ხატია დეკანოიძე - არ გამოვრიცხავ, რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდეს, სერგეი ლავროვმა ​გიორგი გახარიასგან ​უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს
ხატია დეკანოიძე - არ გამოვრიცხავ, რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდეს, სერგეი ლავროვმა ​გიორგი გახარიასგან ​უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს

საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გააუქმოს, რათა რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს პრემიერი მიუნხენში კონფერენციაზე იმყოფება, სადაც ასევე იმყოფება სერგეი ლავროვი. დეკანოიძე აცხადებს, რომ სერგეი ლავროვი ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოში ჩამოსასვლელად.

„საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი გააუქმოს, რათა რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდეს. ამასთანავე, როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება მიუნხენში კონფერენციაზე, ლავროვიც კონფერენციაზეა. ამავე დროს, ლავროვი ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოში ჩამოსასვლელად და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები გახარიასგან ლავროვმა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა, ლავროვის მეთაურობით, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება არ გამოიჩენს პრინციპულობას საკუთარი კანონმდებლობის გათვალისწინებით და საკუთარი მოქალაქეების ნების გათვალისწინებით, რასაკვირველია, ეს იქნება იმაზე უფრო მძიმე შეცდომა, ვიდრე ეს იყო გავრილოვი. მე ვურჩევდი მათ, რომ გავრილიადას ნუ გაიმეორებენ“, – განაცხადა დეკანოიძემ.