ხატია დეკანოიძე - ალეკო ელისაშვილი რეალურად იმ ადგილას მივიდა, სადაც უნდა მუშაობა, რათა პარლამენტს მიანიჭოს ლეგიტიმაცია
ხატია დეკანოიძე - ალეკო ელისაშვილი რეალურად იმ ადგილას მივიდა, სადაც უნდა მუშაობა, რათა პარლამენტს მიანიჭოს ლეგიტიმაცია

ჩემთვის ნამდვილად უინტერესოა, სად მივიდა ელისაშვილი, რადგან პარტია „მოქალაქეების“ დამოკიდებულება ოპოზიციური პლატფორმის მიმართ, გამოჩნდა ძალიან დიდი ხანია და რეალურად იმ ადგილას მივიდა, სადაც მას უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ალეკო ელისაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ალეკო ელისაშვილს უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტი, რომელშიც ის შევა, იქნება ინჯიას დონის ლეგიტიმაციის პარლამენტი.

„რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისთვისაც რაიმე სახის მორალურ განზომილებას აქვს მნიშვნელობა, თავი დაანებონ ამ თემით სპეკულაციას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რომ საქართველოს ყავს პოლიტპატიმრები, ის, რომ საქართველოში არის მართლმსაჯულება, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმს, სისტემას, ეს არის ოლიგარქიული ხელისუფლების დამსახურება, ამიტომ პოლიტპატიმრების და ადამიანების, რომლებზეც აღძრულია ჯერ კიდევ სისხლის სამართლის საქმეები, მათი სახელებით სპეკულირება მიმაჩნია ძალიან დიდ ამორალურობად, მოვუწოდებ ყველას, ამ თემით ვაჭრობას შეეშვან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ელისაშვილი არის იმ ადგილას, სადაც უნდა რომ იყოს.

„ჩვენ ახლა ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. უახლოეს დღეებში ოპოზიციის ფორმატში შეხვედრას ვაპირებთ, რომ განვიხილოთ ძალიან ბევრი თემა, დავსახოთ გემები და რეალურად ვიმსჯელოთ, რა ეშველება ამ უმძიმეს კრიზისს, პოლიტიკურს და ეკონომიკურს, რომელზეც არ ზრუნავს ხელისუფლება, ამიტომ ვის ელაპარაკება ახლა „ქართული ოცნებიდან“ ორი ადამიანი ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.