ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად ვერა ქობალიას კანდიდატურა არ განიხილება
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად ვერა ქობალიას კანდიდატურა არ განიხილება

ვისურვებდი, რომ ვერა ქობალია აქტიურად ყოფილიყო ჩართული საქართველოში პოლიტიკურ კონფიგურაციაში, მაგრამ ახლა არ გიდასტურებთ, რომ ზუგდიდში მისი კანდიდატურა განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობაში“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა.

„თავს შევიკავებდი კონკრეტული სახელების დასახელებისგან ვიდრე ოფიციალური წარდგენა არ იქნება, მაგრამ რამდენიმე დადასტურებული კანდიდატი შემიძლია გითხრათ, მათ შორის კახეთში და რუსთავში, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი, დევი ჭანკოტაძე. ჩამოყალიბების პროცესში ვართ სამეგრელოსთან დაკავშირებით. ჩემი კანდიდატურა განიხილება თერჯოლა-ბაღდათი-ტყიბული- ზესტაფონის საარჩევნო ოლქში, რომელშიც ძლიერი ორგანიზაცია გვაქვს. როგორც კი საბოლოო კონფიგურაცია დალაგდება, წარმოგიდგენთ ღირსეულ სიას მაჟორიტარული კანდიდატების. რაც შეეხება ზუგდიდში, ვერა ქობალას წარდგენას, ის ჩემი მეგობარია, უდიდეს პატივს ვცემ მას როგორც ერთ-ერთ ყველაზე გონიერ და აღიარებულ ადამიანს მსოფლიოში. ვისურვებდი, რომ ვერა აქტიურად ყოფილიყო ჩართული საქართველოში პოლიტიკურ კონფიგურაციაში, მაგრამ ახლა არ გიდასტურებთ, რომ ზუგდიდში მისი კანდიდატურა განიხილება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.