ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავას შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ მიიღებს
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავას შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ მიიღებს.

მისი თქმით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება, თუ შეთანხმების მეორე პუნქტი, რომელიც მართლმსაჯულებას ეხება, ხელისუფლების მხრიდან არ შესრულდება.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, შეთანხმების ორივე პუნქტი თუ არ შესრულდება შესრულებული, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ცვლილებების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„შეთანხმება არის ორპუნქტიანი და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების ნაწილი, ამაზე ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. პრეზიდენტს რომ გითხრათ, არც მე და არც საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ განიხილავს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად, პრეზიდენტი არის ბიძინა ივანიშვილთან ძალიან მყარად დაკავშირებული, სამწუხაროდ, დაკნინებული სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ამიტომ, ის რა გადაწყვეტილებაც ექნება ივანიშვილს, აისახება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში. ამაში ორი აზრი არ არსებობს, რადგან დამოუკიდებლად ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს არ იღებს. მეორე, თუ შეთანხმების ეს ნაწილი არ იქნება დაცული, მაშინ რა საკვირველია, შეთანხმების გაფორმების ბოლო ფაზა – ხმის მიცემა და ამ პროცესების გადატანა პარლამენტში, რა საკვირველია, ეს არ იქნება ბოლო ფაზად გაფორმებული. ჩვენ ამ შეთანხმებას არ ჩავთვლით ბოლომდე შესრულებულად. თუ არ იქნება ორივე პუნქტი შესრულებული, ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. შეთანხმებაზე, მათ შორის მართლმსაჯულების ნაწილში ჩვენ ძალიან პრინციპულები ვართ, ამიტომ ნებისმიერი შეთანხმების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, რეალურად, შეთანხმებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უპირველესი პუნქტი არის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა პოლიტიკოსებისა და მედია მენეჯერების მიმართ.

„ასევე იმ ადამიანების გამოშვება, რომლებსაც მივიჩნევთ პოლიტპატიმრებად და პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლად. შესაბამისად, მთელი ეს ლოგიკური ჯაჭვი, მიუხედავად იმისა, როგორი არის „ქართული ოცნების“ რიტორიკა, მაგრამ მთელი საერთაშორისო მედიაციით განხორციელებული ამ შეთანხმების ორივე პუნქტის და ორივე ნაწილის შესრულება არის აუცილებელი. დოკუმენტში არ წერია კონკრეტული სახელები და გვარები, მაგრამ ზოგადად, ასეთ დოკუმენტებში ასეთი კონკრეტული სახელები და გვარები არ იწერება. ამაზე მსჯელობა იყო, გიდასტურებთ, ამ მსჯელობის უპირველესი ნაწილი იყო სწორედ რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. შეთანხმების საბოლოო ფაზამდე მისვლა, გაფორმება, ხმის მიცემა და ახალი საარჩევნო სისტემის ასახვა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ორივე პუნქტი შეთანხმების უნდა შესრულდეს. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიმ საქართველოს პრეზიდენტს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გუშინ შეიტანეს.