ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დროშასთან დაკავშირებული კანონის მიღება არის ფარისევლობა, ვიდრე ხელისუფლება ხელს აფარებს ძალადობრივ ჯგუფებს
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დროშასთან დაკავშირებული კანონის მიღება არის ფარისევლობა, ვიდრე ხელისუფლება ხელს აფარებს ძალადობრივ ჯგუფებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროკავშირის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დროშასთან დაკავშირებული კანონის მიღება არის ფარისევლობა და სიყალბე, ვიდრე ხელისუფლება ხელს აფარებს ძალადობრივ ჯგუფებს.

„ჩვენ არ ვუერთდებით ინიციატივას, რომელიც ეხება ევროკავშირის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დროშასთან მოპყრობას, შეურაცხყოფას, დაწვას და ა.შ. მაშინ, როდესაც საქართველოს ისტორიაში პირველად ორგზის დაიწვა ევროკავშირის დროშა და ამ ფაქტს წინ უძღოდა ძალიან მნიშვნელოვანი ძალადობრივი ჯგუფების მიერ დაორგანიზებული ძალადობრივი აქტები. მე ვგულისხმობ საპროტესტო აქციის დარბევას პარლამენტის წინ. მე ვგულისხმობ მათ შორის ერთ-ერთი ადამიანის მიერ ძალადობის განხორციელებისკენ მოწოდებას, მათ შორის „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრისკენ, რასაც მივიჩნევ საქართველოს ისტორიაში ყველაზე უფრო სამარცხვინო ფაქტად, როდესაც საქართველოს პოლიცია, პატრულის ფორმით აცილებს პირდაპირ ამ ოფისში ძალადობრივ ჯგუფებს.

ვიდრე ეს ადამიანები არ არიან დაკავებული, ბატონო კახა, შემიძლია, კვლავ ჩამოვთვალო სახელები და გვარები. ეს არის მოთხოვნა მათ შორის იმ ჟურნალისტების, რომელთა კოლეგასაც წაერთვა სიცოცხლის უფლება ამ ძალადობრივი აქტის შემდეგ. ბატონი მორგოშია, მახარაძე, ფალავანდიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდენილი აქვს მედიას და ჩვენც. პირადად მეც შევიტანე განცხადება პროკურატურაში. როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ირკვევა, მან თქვა, ყველა მოძალადე ადამიანი დაკავებულიაო. მე გადავამოწმე, ეს არის 27 ადამიანი. მარტო ლექსო ლაშქარავას ძალადობის ინციდენტში, რომლის შემდეგაც დადგა სიცოცხლის მოსპობა, მონაწილეობდა 25-მდე ადამიანი. ამ კანონის მიღება არის ფარისევლობა და სიყალბე, ვიდრე სახელმწიფო და მმართველი ხელისუფლება ხელს აფარებს ძალადობრივ ჯგუფებს, ხელს აფარებს ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებენ, და მე შს მინისტრი მათ შორის საჯაროდ მეუბნება, რომ მტკიცებულებები არ აქვთ ამ ადამიანზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძის თქმით, როგორც ჩანს, სიძულვილი, აგრესია მმართველი პარტიის და მათი მერობის კანდიდატის ერთადერთი შეთავაზებაა საზოგადოებისთვის.

„ინტერესით მოვისმენდი მათ შორის უმრავლესობის წევრების დამოკიდებულებას იმ ზიზღის კამპანიაზე, ბანერებზე, რომლითაც გაივსო გუშინწინ თბილისი. წარმოუდგენლად მძიმეა ეს ყველაფერი, მე ჩემ თავზე გამოვცადე გუშინწინ ეს ყველაფერი. პრაქტიკულად, შეიძლება მძიმე რაღაც მომხდარიყო, მაგრამ ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, აქ არ არის პოლიტიკოსზე საუბარი, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ სიძულვილი, ზიზღი, აგრესია, როგორც ჩანს, უმრავლესობის, მმართველი პარტიის და თბილისის მერობის კანდიდატის, კალაძის მხოლოდ ერთადერთი შეთავაზებაა, რადგან მეტი შეთავაზება არ არსებობს, ეს არის ყველაფერი, რაც რეალურად ქმნის იმ ფონს, როდესაც საზოგადოება ამ ყველაფრით ნამდვილად დაიღალა. სხვათაშორის, ეს მერიამაც შეამჩნია, როდესაც თქვა, რომ ჩვენ სასწრაფოდ ავიღებთ ამ ბანერებსო. ამ ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება ზიზღი, აგრესია, ამით კვებას აღარ მიიღებს საზოგადოება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროკავშირის დროშა პარლამენტთან 6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს.

ამის შემდეგ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.