ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის გადასატანი ყუთის სიაში სვამს ისეთ ადამიანებს, რომელთაც ეს არ სჭირდებათ
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის გადასატანი ყუთის სიაში სვამს ისეთ ადამიანებს, რომელთაც ეს არ სჭირდებათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე გადასატანი ყუთის სიის ფორმირებასთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

ხატია დეკანოიძის მტკიცებით, ისნის ოთხ საარჩევნო უბანზე მათ აღმოაჩინეს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები გადასატან ყუთში იმ ადამიანებს სვამენ, რომლესაც ამის საჭიროება არ აქვთ, ამომრჩეველს კი ურჩევენ, პანდემიის გამო, საარჩევნო უბანზე არ მივიდნენ და მათ გადასატანი ყუთით მიაკითხავენ.

ხატია დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ვიდეო და აუდიო მტკიცებულებაც წარადგინა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ უბნის უფროსები, კოორდინატორები კანონს უხეშად არღვევენ და ამის გასაჩივრებას გეგმავს.

ხატია დეკანოიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, ფაქტით დაინტერესდეს და დროული რეაგირება მოახდინოს.

„ჩვენს ამომრჩეველს და მოსახლეობას შევპირდით, რომ დავიცავდით თითოეულ ხმას, რომლის გაყალბებასაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად შეეცდება ოლიგარქი ივანიშვილი. ამ ხმების დაცვა არ ხდება მხოლოდ საარჩევნო დღეს, ამ ხმების დაცვა მიმდინარეობს ჩვენი შტაბის მიერ. ჩვენ ვამოწმებთ პრაქტიკულად ყველა უბანს, სადაც აღმოვაჩინეთ სერიოზული დარღვევები. დღეს მინდა, ვისაუბრო იმ თანამშრომლობაზე, რომელიც იკვეთება საარჩევნო კომისიებსა და „ქართლი ოცნების“ შტაბს შორის. მაგალითად, ისანში ჩვენ გადავამოწმეთ საარჩევნო უბნები, 2; 46; 41; 40; . საუბნო საარჩევნო კომისიასა და „ქართული ოცნების“ შტაბთან იკვეთება შემდეგი სურათი, რომ გადასატანი ყუთი არის მიზანში ამოღებული „ქართული ოცნების“ შტაბის მიერ. გადასატანი ყუთით უნდა ისარგებლონ ადამიანებმა, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან და ვერ მიდიან ხმის მისაცემად. „ქართული ოცნების“ უბნის უფროსებს დავალებული აქვთ, რომ გადასატანი ყუთის სიაში შეიყვანონ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამის საჭიროება არ აქვთ. ამაზე ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი რეაგირება და გავაგრძელებთ ყველა უბნის შემოწმებას, მათ შორის გადასატანი ყუთის სიების შემოწმებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.