ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა გვარამიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად, დღეს პარლამენტის სხდომას არ დაესწრებიან
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა გვარამიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად, დღეს პარლამენტის სხდომას არ დაესწრებიან

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ფრაქციის წევრები დღეს პარლამენტის დარბაზში არ იქნებიან და სოლიდარობის ნიშნად, ასევე საქართველოს ევროპული პერსპექტივის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულების გასამყარებლად, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს დაესწრებიან.

ხატია დეკანოიძის თქმით, მთავარი ევროპული პერსპექტივა სწორედ მედიათავისუფლებისა და მართლმსაჯულების რეფორმის ნაწილია.

„მმართველი გუნდი არ ასრულებს პოლიტიკურ ნებას სასამართლოს და პოლიტიკური მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით, რაც გულისხომობს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც უპირველესი ამოცანა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ამის გამო, პოლიტიკური მართლმსაჯულების უმძიმეს იარაღად გამოყენება მოხდა ზუსტად რამდენიმე დღის წინ და დღეს საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზუსტად 12:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში იმართება ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ამ მიმართულებით, რომელიც ეხება მედიის თავისუფლებას, რომელიც ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რომელიც ეხება მედიადამფუძნებლის დაპატიმრებას სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანი რეალურად იყო წინააღმდეგი და აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გადაიქცა ჩვენი პარტნიორების მიერ მართლმსაჯულების მიმართულებით და მედიათავისუფლების მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ ორიენტირად, როდესაც ისინი საუბრობენ, მათ შორის რეზოლუციებში, რომ ნიკა გვარამია უნდა იყოს თავისუფალი. მთავარი ევროპული პერსპექტივა სწორედ მედიათავისუფლების და მართლმსაჯულების რეფორმის ნაწილია. სწორედ ამიტომ, დღეს 12:00 საათზე ნიკა გვარამიას პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის საზოგადოებისთვის. ჩვენი ფრაქციის და ჩემი ძალიან მყარი პოზიციაა, რომ ნიკას მიმართ სოლიდარობის და ჩვენი მოსაზრებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულების გასამყარებლად, ჩვენი ფრაქცია და მათ შორის მეც, დავესწრებით ნიკას სასამართლო პროცესს, არა მხოლოდ სოლიდარობისთვის, არამედ იმის გამოსახატად, რომ რეალურად ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება, ფარული თვალთვალი არის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე იარაღად გამოყენებული პოლიტიკური ოპონენეტების და თავისუფალი მედიის მიმართ. დღეს პარლამენტის დარბაზში პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, ჩვენ ვიქნებით სასამართლო დარბაზში და ჩვენი ფრაქციის ყველა წევრის სოლიდარობა იქნება ნიკა გვარამიას მიმართ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.