ხაშურში მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების მიზეზებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის
ხაშურში მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების მიზეზებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი აცხადებს, რომ ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტის შესასწავლად საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, შეიქმნება კომისია და სასამართლოს ბრძანების შესაბამისად ადგილზე დაიწყება საქმის შესწავლა. ნინო ხუციშვილის განმარტებით, სასამართლოში შუამდგომლობა უკვე გაგზავნილია.

კითხვაზე – გამოითხოვა თუ არა სააგენტომ პაციენტის სამედიცინო ისტორია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ინფორმაცია მიღებული აქვთ.

ნინო ხუციშვილი განმარატავს, რომ საკითხის შესწავლამდე რაიმე დარღვევაზე საუბარი ნაადრევია.

„მოგეხსენებათ, შემთხვევა დღეს მოხდა. შესაბამისად, მყისიერად დავიწყეთ საკითხის შესწავლისთვის საჭირო პროცედურები, კომისია შეიქმნება და სასამართლოს ბრძანების შესაბამისად, შემდეგ უკვე დავიწყებთ ადგილზე შესწავლას. თუ გამოიკვეთება რაიმე ტიპის დარღვევა, რასაკვირველია ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამ ეტაპზე ახვა რაიმე ინფორმაციის თქმა შეუძლებელია“,- ამბობს ნინო ხუციშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რა დრო დასჭირდება საქმის შესწავლას, ნინო ხუციშვილის განცხადებით, ეს სამედიცინო დოკუმენტაციის მოცულობაზეა დამოკიდებული.

„გააჩნია, რა მოცულობის  არის სამედიცინო დოკუმენტაცია, რა დარგის, რომელი სპეციალისტების ჩართულობა დაგვჭირდება. ამაზეა შესწავლის ხანგძლივობა დამოკიდებული“, – განაცხადა ნინო ხუციშვილმა.

ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მშობიარე 40 წლის ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ. ქალი კლინიკაში გუშინ, საღამოს ათ საათზე შეიყვანეს. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. კლინიკის გადაწყვეტილებით, ექიმს უკვე შეუჩერდა საქმიანობის უფლება.