ხაშურში არასრულწლოვნების დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ხაშურში არასრულწლოვნების დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხაშურში არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. არასრულწლოვნების დაჭრის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.ც. ხაშურში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი ქმედება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 იანვარს, ხაშურში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენა 2 არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულებიდან ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე არასრულწლოვანს ჩაუტარდა ოპერაცია, გადაყვანილია პალატაში და ამჟამად იმყოფება ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურში დააკავეს.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, გ.ც. აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით.