ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება
ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. როგორც მეთექვსმეტე მაჟორიტარული ოლქის თავმჯდომარემ განაცხადა, 50-პროცენტიანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

ხაშურისა და ქარელის მოსახლეობამ არჩევანი 17 მაჟორიტარ კანდიდატს შორის გააკეთა. 112-ვე საარჩევნო უბნის ოქმების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაალ დუგლაძეს 9 147 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ხმების 48.43 პროცენტია. საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა ნატო ჩხეიძემ ხმების 31.5 პროცენტი აიღო და ეს 5 949 ამომრჩევლის ხმაა.

შიდა ქართლის რეგიონში ყველაზე აქტიური ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იყო. აქ რეგისტრირებული ამომრჩევლის 58.5 პროცენტი მივიდა არჩევნებზე.

მეთექვსმეტე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, იმედო ლაცაბიძის განცხადებით, ოლქში მხოლოდ ერთი საჩივარია შესული, რომელიც პროცედურულ დარღვევას ეხება.