ხაშურის საკრებულოში შვიდმა პირმა თანამდებობა, ასევე „ქართული ოცნება“ დატოვა და გახარიას პარტიას შეუერთდა
ხაშურის საკრებულოში შვიდმა პირმა თანამდებობა, ასევე „ქართული ოცნება“ დატოვა და გახარიას პარტიას შეუერთდა

დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შვიდმა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა „ქართული ოცნება“ და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა. ინფორმაციას გახარიას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან „ქართული ოცნება“, „ოცნების“ ხელისუფლება დაშორდა იმ პრინციპებსა და მიზნებს, რომლისთვისაც ჩვენ 2012 წელს ვიბრძოლეთ, ვტოვებთ უმრავლესობის რიგებს და ვაგრძელებთ ბრძოლას, არათუ ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვიცით, რომ ჩვენს განცხადებას ბევრი ადამიანი ელოდება, მოგიწოდებთ შემოგვიერთდით ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის“, – განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაშურის საკრებულოს დეპუტატებმა.

პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების და პარტიაში „საქართველოსთვის“ გადასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე – ვაჟა ხარშილაძემ, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ – ირინე გელაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, მამუკა წიქარიშვილმა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე – ზვიად ტეფნაძემ, სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე – ანა ხარებავამ, ფრაქცია „ქართული ოცნება“ – მრეწველების თავმჯდომარე – ჯონდო კაპანაძემ და „ფრაქცია ოცნება“ – მრეწველების თავმჯდომარის მოადგილე – ემზარ მურჯიკნელმა.