ხაშურის პოლიციაში მოზარდების გამოკითხვა მიმდინარეობს
ხაშურის პოლიციაში მოზარდების გამოკითხვა მიმდინარეობს

ხაშურის პოლიციის განყოფილებაში ინციდენტის დროს რესტორანში მყოფი მოზარდების გამოკითხვა მიმდინარეობს.

გამოკითხვაზე იმყოფებიან ოსიაურის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეები პირველ არხთან მომხდარის დეტალებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ ჩხუბი უცხო პირებს შორის მოხდა და ისინი შემთხვევით აღმოჩნდნენ ამ დროს ქუჩაში.

გამოკითხვაზეა მისული ის მოზარდიც, რომელიც შემთხვევის დროს ფეხში დაიჭრა და საავადმყოფო უკვე დატოვა.

მანამდე დაჭრილი მოზარდები ხაშურის საავადმყოფოში ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორმა მოინახულა.

„როგორც ბავშვები ყვებიან, ისინი ცალკე ისხდნენ. ჩხუბი გვერდზე კუპეში დაიწყო. ხმაურზე ჩვენი მოსწავლეები გავიდნენ, რათა ენახათ, მათი თანაკლასელიც ხომ არ იყო იქ ვინმე. ამ დროს, სულ რამდენიმე წუთში მოხდა ეს ამბავი. არ იციან და არ იცნობენ ჩხუბის მონაწილეებს. როგორც ამბობენ, ისინი სრულწლოვნები იყვნენ“, – განაცხადა პირველ არხთან თამარ გაგლოშვილმა.

შეგახსენებთ, ხაშურის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მეთორმეტე კლასის მოსწავლეები თანაკლასელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც რესტორანში ჩხუბი მოხდა და მოზარდებმა დაზიანებები მიიღეს.