ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე 7-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე 7-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ჯამში 7 კმ-ზე (კმ13-კმ17 და კმ24-კმ25) სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პირველი მონაკვეთი სოფელ ახალდაბის ტერიტორიიდან იწყება და სოფელ კორტანეთთან სრულდება, ხოლო მეორე მონაკვეთი სოფელ რველის მახლობლად იწყება და გრძელდება ბორჯომში, დავით აღმაშენებლის ქუჩის #40-მდე.

„რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას, ერთი ხიდის რეაბილიტაციას, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციას და ახლების მოწყობას, დახურული სანიაღვრე ქსელის მოწყობას, არსებული ბეტონის საყრდენი კედლების შეკეთებას და გაბიონის ქვედა საყრდენი კედლის მოწყობას. ასევე განხორციელდება ადგილობრივ გზებთან მიერთებების და ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, ბორდიურების და ტროტუარების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნებისა და მგზავრების მოსაცდელების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზა, სატრანზიტო დერეფნის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და სამცხე-ჯავახეთს აკავშირებს საქართველოს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან. ამ გზით, სატრანზიტო ტვირთბრუნვა ხორციელდება და მის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 9.7 მლნ. ლარამდეა. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის გაზაფხულზე“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.