ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის ძალებმა ხარკოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან რუსი სამხედროები განდევნეს
ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის ძალებმა ხარკოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან რუსი სამხედროები განდევნეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად, ხარკოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან რუსი სამხედროები განდევნეს. აღნიშნულის შესახებ ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„კარგი ამბავი გვაქვს ფრონტის ხაზიდან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს. გუშინ დილით მათ მტრის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციები დაიწყეს. სასტიკი ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენმა ქვედანაყოფებმა რუსული ჯარი განდევნეს დერგაჩევსკის რაიონის შემდეგი დასახლებებიდან: ბეზრუკიდან, სლატინოდან, პრუდიანკადან და პოზიციები გაამაგრეს “, – წერს სინეგუბოვი.

ამასთან, სინეგუბოვმა განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველები აგრძელებენ თავდაცვითი ხაზების გამაგრებას იზიუმის მიმართულებით.

რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის და მთლიანად რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. მხოლოდ გასული დღის განმავლობაში რუსებმა ხარკოვის რაიონი 56-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა.