ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ერთ-ერთ გათავისუფლებულ სოფელში მშვიდობიანი მცხოვრებლების ცხედრები აღმოაჩინეს, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ერთ-ერთ გათავისუფლებულ სოფელში მშვიდობიანი მცხოვრებლების ცხედრები აღმოაჩინეს, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ

ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ გათავისუფლებულ სოფელში უკრაინელმა სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მცხოვრებლების ცხედრები აღმოაჩინეს, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, ჩუგუევის რაიონის სოფელ ჟელედოროჟნოეში 11 სექტემბერს სამართალდამცველებმა ოთხი ცხედარი იპოვეს. ყველა მათგანს წამების ნიშნები აქვს. სამი ცხედარი დამარხული იყო კერძო სახლების ტერიტორიაზე, კიდევ ერთი კი ასფალტის ქარხნის ტერიტორიაზე.

ადგილობრივებისა და გამოძიების წინასწარი ცნობით, ისინი რუსმა სამხედროებმა მოკლეს. ამჟამად ცხედრებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის ძალებმა ხარკოვის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან ათობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.