ხარკოვის რეგიონში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა
ხარკოვის რეგიონში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის რეგიონის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, თავდასხმის შედეგად კიდევ რვა ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10-მდე კერძო სახლი, ასევე კაფე, ფოსტა, მაღაზია და, სულ მცირე, 7 მანქანა.
რუსეთის არმიის თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა უკრაინის ჩერნიგოვის რეგიონი. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ჩერნიგოვის ოლქის კორიუკივის რაიონში დრონის დარტყმის შემდეგ ორ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა ამწე და საწყობი.